ქალთა წინდაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება, მათ შორის, „სისხლის სამართლის კოდექსს“ დაემატება ახალი – 1332 მუხლიც, რომელიც ქალთა წინდაცვეთის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, ქალთა წინდაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.
,,ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთარებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ შესაბამისი მასალა გამოაქვეყნა.
ყვარელში გოგონების წინდაცვეთის ფაქტები დაასტურა სახალხო დამცველის აპარატმაც. მოსახლეობის ინფორმაციით, გოგონების წინდაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სამწუხაროდ, მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას საკითხის სირთულის, რისკებისა და გართულებების შესახებ, ასევე, არ იციან თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პრაქტიკა და მას ძირითადად რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უკავშირებენ.