სტატიები

კახეთში სარწყავი და სადრენაჟო სისტემების მოწესრიგებას ითხოვენ

ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა სოფლებშია. ისინი ჩივიან, რომ ზაფხულში, გვალვის გამო ვენახები ფუჭდება, უწყლოობის გამო კი ერთწლიანი კულტურები ხმება.

,,აღარც მახსოვს რამდენი წელია სარწყავი სისტემის პრობლემებზე ვლაპარაკობთ. არც მოსავალი მოდის ნორმალურად, ბევრი პრობლემის გადალახვა გვიწევს. შრომას ვინ ჩივის, ვალებით ვრწყავთ ნაკვეთებს და ვყიდულობთ, რაც საჭიროა მიწის დამუშავებისთვის თუ ხეხილისთვის. წყალიც ძვირია მანქანებით რომ მივიტანოთ ნაკვეთამდე. ყოველ წელს პრობლემის გამო ვზარალდებით. გასულ წელს გვალვის გამო ვენახები და ხეხილის ბაღები გახმა. ამიტომაც არის რომ ყოველ წელს უფრო ნაკლები ადამიანი ამუშავებს მიწას, სოფელში ცხოვრებაც აზრს კარგავს”, – განუცხადა knews.ge-ს იმედა ბურნაძემ.

მევენახეების განცხადებით, საირიგა­ციო სისტემის ძირეული რეაბი­ლიტაცია უნდა განხორციელდეს, რომ წყლის დანაკარგი დიდი არ იყოს და ნაკვეთამდე მივიდეს. 

,,თუ მოხდა სისტემის სრული რეაბილიტაცია, გვე­ცოდინება, რომ გვალვა ვეღარ გა­აფუჭებს ჩვენს მოსავალს. პირადად, უფრო მეტს ვიმუშავებ და მეტ მოსავალს მივიღებ, ზარალიც ნაკლები მექნება. გაუმჯობესდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წყალუზრუნველყოფა, რის შე­მდეგაც გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა. ამ ეტაპზე კიდევ თუ შესაძლებელია, შეგვიწყონ ხელი რომ წყალი დააიაფონ, რომ მანქა­ნებით შევძლოთ მიტანა “, – აცხადებს knews.ge-სთან გოჩა ცისკარიშვილი.

წელს, კახეთში, შესაძლოა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საპილოტე პროექტი დაიწყოს. ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში, სოფელ ვაჩნაძიანთან მცირე წყალსატევის მოწყობის პროექტი უკვე დასრულდა. საპილოტე პროექტი ირიგაციის თანამედროვე მეთოდის, წვეთური მორწყვის წესის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა.  

,,წყალსატევში დაგროვდება 10 000 მ3 წყლის მარაგი, რომლითაც მოსახლეობა სარწყავი სეზონის განმავლობაში 140 ჰექტარ სავარგულს მორწყავს წვეთური ირიგაციის მეთოდით. კახეთის რეგიონში ხორციელდება, ასევე, ბაკურციხისა და ვაქირის სატუმბი სადგურების სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა დასრულების შემდეგ მიმდინარე წლის სარწყავი სეზონისათვის მიმდებარე 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად მოსახლეობის მიერ წვეთური ირიგაციის სისტემები იქნება გამოყენებული”, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.