მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი აღარ გაგრძელდება
პროექტის მიხედვით, მცირემიწიან ფერმერებს შეეძლოთ, “აგრო ბარათით“ შეეძნათ სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები როგორც ერთიანად, ისე ნაწილ–ნაწილ. გლეხები მთავრობის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ნაკვეთების დამუშავებას ვერ შეძლებენ თუ პროგრამა აღარ გაგარძელდება.
,,ისედაც ძალიან გვიჭირს მიწის დამუშავება და იმ შემთხვევაში თუ ეს პროგრამა აღარ გაგრძელდა, საერთოდ ვეღარ დავამაუშავებთ მიწებს, ვერც ოჯახისთვის მოვიყვანთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებაც გაგვიჭირდება, ვინ გაწვდება ამდენ ხარჯს, სასუქი, შხამქიმიკატები, საწვავი, მორწყვა და სხვა ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი”, – აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გოჩა ზარდიაშვილი.
კახეთში წინასაგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე მოსახლეობა ვაზსა და ატამს სხლავს, რის შემდეგაც მისი შეწამლის პროცესი დაიწყება. ამის შემდგომ კი გლეხები მიწების დამუშავებას დაიწყებენ.
ფერმერები შხამქიმიკატებზე ფასების მატებაზეც საუბრობენ. მათი ინფორმაციით, წელს, ჰექტარი მიწის დამუშავება 300 ლარზე მეტი დაჯდება.
,,ყველაფერი გაძვირდა საწვავის ჩათვლით, ვერ ვიყიდით, რაც საჭიროა ნაკვეთების მოსავლელთ, ვალზე როდემდე ავიღოთ ეს შხამქიმიკატები ისედაც უხარისხოა. მერე ეს ვალები როგორ გავისტუმროთ? ძალიან ბევრი პრობლემა აქვს გლეხს სოფელში. კარგი იქნება, რომ მიწები დაუმუშავებელი არ დარჩეს და ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. თუ მთავრობა არ დაგვეხმარება, ჩვენ რა გავაკეთოთ? მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი გვქონდა და ესეც გაუქმდაო ამბობენ”, – განუცხადა knews.ge-ს ზარდიაშვილმა.