თესაუს სტუდენტებმა კონკურსში „გაამწვანე შენი უნივერსიტეტი“ გაიმარჯვეს
კონკურსში თესაუს გარდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.
როგორც knews.ge–ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, უნივერსიტეტების გუნდები წინასწარ შემუშავებული საპროექტო განაცხადების დახვეწაზე ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. კონკურსის მონაწილეები სწორედ ამ იდეების მიხედვით შეირჩნენ.
“თითოეული გუნდის მიზანი იყო მაქსიმალურად ეფექტური ინიციატივის დაგეგმვა, რომელიც უნივერსიტეტში ნარჩენების მართვის არსებულ პრაქტიკას შეცვლიდა, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის დანერგვას შეუწყობდა ხელს და ამ გზით „გაამწვანებდა“ უნივერსიტეტს. ორი უნივერსიტეტის ექვსმა ჯგუფმა ჟიურის თავისი საპროექტო იდეები წარუდგინა. კონკურსის შედეგად, სამი გამარჯვებული საპროექტო იდეა გამოვლინდა, მათ შორის იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფი- „Carpe Eco Diem“. თესაუ-ს სტუდენტების საპროექტო იდეა, ეკო აუდიტორიის მოწყობის შესახებ, მეორე ადგილზე გავიდა. ამ ჯგუფის წევრები არიან თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტები: ქეთევან ფოტოვა, თამილა შიუკაშვილი, იზა ყანჩელიშვილი და სოფო დაუდაშვილი”, – განუცხადეს knews.ge–ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
კონკურსი -,,გაამწვანე შენი უნივერსიტეტი”- საქართველოს ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში მიმდინარე პროგრამის- ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” (WMTR) – ფარგლებში, გამოცხადდა. პროექტი სამიზნე რეგიონების უნივერსიტეტების და სტუდენტების გარემოსდაცვით პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს.
თელავის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, WMTR პროგრამა წარმატებულ გუნდებს პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.