ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ კავკასიური კეთილშობილი ხარირემი დააფიქსირა
შესაბამისი ვიდეო ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა.
ირემი გასული საუკუნის 50-იან წლებამდე კოლხეთის დაბლობის გარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდებოდა. როგორც Knews.ge–ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი სულამანიძემ განუცხადა, გასული საუკუნის 90-იან წლებში ბრაკონიერების გამო ირმების რაოდენობა ბარში საგრძნობლად შემცირდა, გასულ წელს კი ისინი პირველად აღკვეთილში დააფიქსირეს. 1989 წლის მონაცემით, ლაგოდეხის ნაკრძალში 1400 ირემი ბინადრობდა. 1999 წელს ნაკრძალში მხოლოდ 70–მდე ირემი დარჩა. სულამანიძის ინფორმაციით, მას შემდეგ კი, რაც 2006 წლიდან დაცული ტერიტორიების სისტემის რეფორმა დაიწყო, ყველა ცხოველი პოპულაცია გაუმჯობესდა და 2015 წლის მონაცემებით, ლაგოდეხის ნაკრძალში სამასზე მეტი ირემი ბინადრობს.
ამჟამად ირემი შემორჩენილია მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ – ხარაგაულის ეროვნულ პარკში, გარდაბნის აღკვეთილში და ბოლო მონაცემებით მისი არსებობა დასტურდება თუშეთის ეროვნულ პარკში.
ირემი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში კრიტიკულად საფრთხეში მყოფის (CR) სტატუსით და მას განსაკუთრებული დაცვა და მზრუნველობა ესაჭიროება.ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით მიმდინარეობს. ფოტომახეების დახმარებით შესაძლებელია გარეული ცხოველების დისტანციურად გადაღება, მათი რიცხოვნობის დადგენა, დღეღამური და სეზონური აქტივობის დაფიქსირება და ა.შ.
ხარირემი დიდი, დატოტვილი რქებით გამოირჩევა, ფურირემს კი რქები არ აქვს. რქის სილამაზე საკვებზე, ასაკსა და მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებულია. ერთი წლის ირემი მოკლე და წვრილრქებიანია. 2- 3 წლის ირემს ფიწალა რქები აქვს. 8-9 წლისას კი მრავალტოტიანი, ქორბუდა ან ფიწალა რქები ამშვენებს.