ახალი ამბები

რამაზ სამხარაძე – საზოგადეობრივ მაუწყებელს თავდაყირა დავაყენებ

როგორც სამხარაძემ knews.ge–ს განუცხადა, საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალურ დირექტორად დამტკიცების შემთხვევაში, სამაუწყებლო კომპანიაში რადიკალურ ცვლილებებს განახორციელებს და მაუწყებელს თავდაყირა „დააყენებს“. მისივე თქმით, თუ სამეურვეო საბჭო მის კანდიდაურაზე შეაჩერებს არჩევანს, სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ დირექტორის თანამდებობას დატოვებს და წილებს გაასხვისებს. 
„მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის, თუ სამეურვეო საბჭო ჩემს კანდიდატურას დაამტკიცებს, რადიკალურ ცვლილებებს განვახორციელებ. სამწუხაროდ, უმრავი საკითხია შესაცვლელი საკადრო პოლიტიკიდან დაწყებული, მაუწყებლის პლატფორმებით დამთავრებული, რომლებიც თითქმის არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და, რაც მთავარია, საზოგადოების სურვილებს. დიდი სურვილი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა კომერციულ ტელევიზიას უსწრებდეს რეიტინგებით, მათ შორის ნდობის რეიტინგით. ჩემი მთავარი მოტივაციაა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარება“, – განუცხადა knews.ge–ს რამაზ სამხარაძემ. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობის დაკავებას 15კონკურსანტი შეეცდება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაუწყებლის მოქმედ თანამშრომლების, ნინო ზაუტაშვილისა და თინათინ ბერძენიშვილის გარდა, სამეურვეო საბჭოს განცხადებით მიმართეს ბაჩუკი ბახტაძემ, რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ, ვასილ მაღლაფერიძემ, გურამ ფალავანდიშვილმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, დავით ცინცაძემ, მანანა ღოღობერიძემ, რამაზ სამხარაძემ, თამაზ ბიბილურმა, ნათია კუპრაშვილმა და მარგარიტა დოლიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება დღეს დასრულდა.