სტატიები

ახმეტის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა

ახმეტის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მთავარმა საფინანსო დოკუმენტმა საკმარისი რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პროექტის დასამტკიცებლად საკრებულოს 16 წევრის ხმა იყო საჭირო. ოპოზიცია მთავარი საფინანსო დოკუმენტის ბუნდოვან შინაარსზე მიუთითებს და აცხდებს, რომ მათ ბიუჯეტის პროექტის განხილვის დრო არ ჰქონდათ, რადგან დოკუმენტი საკრებულოს სხდომის წინ გადასცეს. წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი მაისურაძე ირწმუნება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით სოციალური მიმართულებით გათვალისწინებული თანხა შემცირებულია და ადმინისტრაციული ხარჯები კი გაზრდილია. მისი განცხადებით, ეს იყო ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მთავარ საფინანსო დოკუმენტს ხმა არ მისცა. 
„სოციალური მიმართულებით თანხები არის შემცირებული. ჩვენ ადრე ვითხოვდით, რომ ამ მიმართულებით თანხა გაზრდილიყო, თუმცა გამგეობამ ეს არ გაითვალისწინა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, 6 მილიონიდან 5 მილიონია გამოყოფილი აიპების დაფინანსებაზე, რაც მიუღებელია“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი მაისურაძემ. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი გამორიცხავს ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდას და ოპოზიციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ნასყიდაშვილის მტკიცებით, ბიუჯეტის პროექტის შევა ცვლილებები, რომლის მიხდვითაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანხა შემცირდება და სოციალურ მიმართულებას დაემატება. 
ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი აპელირებენ, რომ თანხა მოაკლდა სოციალურ მიმართულებას. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა მიმართულებით თანხა 10%–ით შემცირდა. ასეთი იყო მითითება. ინფრასტრუქტურის ხარჯების შემცირდება და ეს დაემატება სოციალურ მიმართულებას“, – განუცხადა knews.ge–ს ვაჟა ნასყიდაშვილმა. 
 ბიუჯეტის პროექტის განხილვას არ ესწრებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური, რომელიც შვებულებაში იმყოფება და მეუღლესთან ერთად საბერძნეთში ისვენებს.
ახმეტის ბიუჯეტის შემდგომი განხილვა გაიმართება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელიც 2017 წლის 3 იანვარს ჩატარდება. 
ახმეტის მუნიციპალიტეტს ახალი წლიდან მუშაობას ისევ ძველი, 2016 წლის ბიუჯეტით გააგრძელებს. იურისტის გელა შაშიაშვილის განმარტებით, თუ საკრებულო მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს 2017 წლის 1 აპრილამდე ვერ დაამტკიცებს, პრეზიდენტი წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნის შესახებ გამოსცემს განკარგულებას.