ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება

როგორც knews.ge–ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განუცხადა, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2000 ლარი გამოიყო. მისივე თქმით, თვითმმართველი ერთეული კონსცეფციის შემუშავებაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციებს მართავს.
„პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყავით 2000 ლარი. თუ ეს თანხა არ იქნება საკმარისი, თანხას ბიუჯეტიდან დამატებით გამოვყოფთ. ეს არის საპილოტე პროექტი. თელავი იქნება პირველი თვითმმართველი თემი, სადაც შეიქმნება წარმომადგენლობითი ახალგაზრდული საბჭო. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, რათა შემუშავდეს თვითმმართველი თემის ახალგაზრდული საბჭოს კონცეფცია და მეთოდოლოგია. შემდეგ სამინისტრო პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს“, – განუცხადა knews.ge–ს ალექსანდრე შათირიშვილმა. 
World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერის ნანა ათუაშვილის განცხადებით, საბჭოს ძირითადი მიზანია სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა. 
„ახალგაზრდული საბჭოს მთავარი მიზანი იქნება, ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის განხორციელებისას ახალგაზრდების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება. ახალგაზრდები, ამავე დროს, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის წინადადებებსა და რეკომენდაციებს მოამზადებენ და მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში. მუნიციპალურ საბჭოში შეიძლება გაერთიანდნენ თემში შერჩეული ახალგაზრდები. პირველ ეტაპზე შეირჩევა სოფლის წარმომადგენელი ახალგაზრდა. სოფლის წარმომადგენლები გაერთიანდებიან სათემო საბჭოში, რომელსაც მაკოორდინირებელი როლი აქვს და თავს უყრის სოფლის დონეზე გამოვლენილ პრობლემურ საკითხებსა თუ ახალგაზრდულ ინიციატივებს. იქიდან გამომდინარე რომ კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამას აქვს დიდი გამოცდილება ახალგაზრდული მუშაობის კუთხით თავდაპირველ ეტაპზე ჩართული იქნება ორგანიზაცია საბჭოს განვითარების პროცესებში“, – განუცხადა knews.ge–ს ნანა ათუაშვილმა.