თელავში რძის გადამამუშავებელმა საწარმომ წარმოებაში HACCP-ის სისტემა დანერგა
საწარმო 33 წლის რატი როსტომაშვიმა 2011 წელს გახსნა და ამ ეტაპზე, 12 სახეობის შვეიცარულ ყველს აწარმოებს. ყველს პრასის, სტაფილოს წვენის, ჩილის, ნივრის, ჭინჭრის და სხვა პროდუქტების არომატებით ამზადებენ. ერთი კილოგრამის ღირებულება 28-30 ლარს შეადგენს.
როგორც საწარმოში აცხადებენ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდლისში საქონლის ფერმა აქვთ, საიდანაც მიღებულ რძეს წარმოებაში მოიხმარენ. საწარმოს მთავარი ტექნოლოგის, გიორგი ყალამაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით მოხდა საწარმოს აღჭურვა და გაძლიერება. მისივე თქმით, პროექტის დახმარებით წარმოებაში ევროპული დონის სტანდარტის დანერგვა მოახერხეს და სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მუდმივი აღიარება მოიპოვეს. საწარმოს მთავარი ტექნოლოგი ამბობს, რომ HACCP-ის სისტემის დანერგვით მათ მიერ წარმოებული პროდუქტი უსაფრთხო და მაღალი ხარისხის არის.
,,საწარმო 2011 წელს ავაშენეთ და იმავე წელს დავიწყეთ პროდუქტის წარმოება. ამჯერად ვაწარმოებთ 12 სახეობის შვეიცარულ ყველს და დღის განმავლობაში ვამზადებთ საშუალოდ, 25 კილოგრამს. HACCP-ის სისტემის დასანერგად გავიარეთ სპეციალური ტრენინგები და ,,მოლისგან” მივიღეთ ფინანსური დახმარება, რითაც შევიძინეთ სხვადასხვა სახის დანადგარი, რომელიც პროდუქციის მაღალი ხარისხით და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წარმოებაში გვეხმარება,”– განუცხადა knews.ge-ს გიორგი ყალამაშვილმა.