აგებს თუ არა პასუხს თელავის მერის ცოლის ახლო მეგობარი საბავშვო ბაღებში საკვების შემცირებაზე ?
თელავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თეონა მიქელაძე, რომელიც მერის ცოლის, შორენა გრიშიკაშვილის ახლო მეგობარია, საკვების შემცირებას არ ადასტურებას, თუმცა ამბობს, რომ მენიუში ცვლილებები ბაღის დირექტორების მოთხოვნის საფუძველზე შევიდა. სკოლამდელ დაწესებულებებში კვების რაციონის ცვლილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა საკითხის შესწავლა დაავალა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან ამ საქმესთან დაკავშირებული თანამდებობის პირების გათავისუფლება მოითხოვა.
„მინდა განვაცხადო აბსოლუტური სერიოზულობით – არ ვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში, თუ ასეთი რამ რეალობაა, ამ გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მინდა, რომ ის აღარ იყოს ახლა თავის თანამდებობაზე, სადაც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია ისე გაიგო, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში ბავშვების რაციონი შეამცირეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, რამდენიმე საბავშვო დაწესებულებაში მენიუ შეიცვალა. კერძოდ, ბავშვების სურვლით, იმ კვირაში გუფთა კატლეტით შეცვალეს. სერგეენკომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და აღნიშნული საკითხის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის გავრცელება სთხოვა.
„უკვე დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, კონკრეტულად რა შემთხვევასთან გვქონდა საქმე თელავის რაიონის შემთხვევაში. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არ დადასტურდა. კონკრეტულად იქ მოხდა ასეთი რამე – რამდენიმე საბავშვო დაწესებულებაში მოხდა მენიუს ცვლილება. კერძოდ, იმ კვირაში გუფთა შეცვალეს კატლეტით, რადგან ბავშვებს ასე ესიამოვნათ. რაც შეეხება რძის პროდუქტების ამოღებას, ეს არ მომხდარა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ქალაქ თელავის საბავშვო ბაღებში ხორცისა და რძის პროდუქტების შემცირებაზე თავად სკოლამდელი განათლების რამდენიმე დაწესებულების დირექტორი საუბრობს. როგორც knews.ge-ს მე-2 ბაგა ბაღის დირექტორმა ლაურა ქურციკაშვილმა განუცხადა, კვების რაციონის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის ბაღების გაერთიანებამ მიიღო.
„მენიუში ხორცისა და რძის პროდუქტების შემცირებულია. მენიუ თავად ბაგა-ბაღების გაერთიანებამ შეცვალა. კვების რაციონში აღარ არის არაჟანი, ხაჭაპური, ხორციანი გუფთა კი ჩანაცვლდა კატლეტით. ადრე გაცილებით უკეთესი მენიუ იყო, ვიდრე ეხლაა“, – განუცხადა knews.ge-ს ლაურა ქურციკაშვილმა.
კვების რაციონში ცვლილებებს ქალაქ თელავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების მოთხოვნას უკავშირებს. თეონა მიქელაძე ირწმუნება, რომ მენიუში ხორცისა და რძის პროდუქტები არ შემცირებულა.
„ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ბაღის აღსაზრედელებს კვირაში ორჯერ უნდა ჰქონდეთ ხორციანი საჭმელი. გამგეებმა მითხრეს, ბავშვები გუფთას ვერ ჭამდნენ და დიდი ნაწილის გადაყრა უწევდათ. მათ მთხოვეს, რომ ამ მხრივ ცვლილება შეგვეტანა მენიუში და იქნებ გუფთა ჩაგვენაცვლებინა კატლეტით, რომელსაც გაცილებით უკეთ შეჭამდნენ ბავშვები. წვნიანო დავტოვეთ და რაც უნდა მიგვეწოდებინა გუფთის სახით, იმ ხორცს ვწვავთ და ბაშვები კატლეტს ხორცისა და რძის პროდუქტების შემცირების შესახებ გავრცელებულა ინფორმაცია სიცრუეა“, – განუცხადა knews.ge-ს თეონა მიქელაძემ.
რამდენიმე ბაღის დირექტორის გარდა, კვების რაციონის შემცირების შესახებ ინფორმაცია Knews.ge-ს ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმაც დაუდასტურა. მისი განცხადებით, გუფთის კატლეტით შეცვლის შესახებ თეონა მიქელაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე მტკიცებით, რამდენიმე კვირის წინანდელ მენიუში როგორც კატლეტი, ისე გუფთა იყო გათვალისწინებული, ხოლო ამჟამად მენიუდან გუფთა ამოღებულია.
„რანაირად შეცვალეს კატლეტი გუფთით, როცა რამდენიმე კვირის წინ მენიუში კატლეტიც და გუფთაც იყო შესული. არასწორი ინფორმაციაა. ბავშვები კარგად არ იკვებებიან. კატლეტი კი ძალიან პატარაა და ეს რას ეყოფათ ბავშვებს. ადრე ხორციანი ღვეზელი იყო მენიში, ამჟამად აღარ არის. გახანგრძლივებულ ჯგუფებში ხომ კვების მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. 2 საათიდან 6 საათამდე შუალედში გახანგრძლივებულ ჯგუფებში მყოფ აღსაზრდელებს აჭმევენ მხოლოდ ერთხელ, ხაჭოს ორ პილმენს და კაკაოს ასმევენ“, – განუცხადა knews.ge-ს ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა, რომელმაც კონფიდენციალობის დაცვა ითხოვა.
აღნიშნული საკითხის შესახებ კომენტარის მოპოვებას knews.ge ქალაქ თელავის მერისგან შეეცადა. პლატონ კალმახელიძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თელავის მერმა ქალაქის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად თეონა მიქელაძე 205 წლის 28 მაისს დანიშნა. მიქელაძე პლატონ კალმახელიძის მეუღლის, შორენა გრიშიკაშვილის ახლო მეგობარია.