გურჯაანის და კაჭრეთის ქვესადგურებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორის, სულხან ზუმბურიძის განცხადებით, მასშტაბური პროექტის ფარგლებში კომპანიამ შეაკეთა ავტოტრანსფორმატორები, დაამონტაჟა 10 კილოვოლტის ახალი ფიდერები, შეიცვალა სააკუმულატორე სისტემები, გაყვანილობები, აშენდა სასადილო, გარემონტდა ოთახები და შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვა სამორიგეო პუნქტები.
მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ენერგომომარაგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. კომპანიის ხელმძღვანელმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით სონღულაშვილთან ერთად ქვესადგურებზე განხორციელებული სამუშაოები ადგილზე მოინახულა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,აღნიშნულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა დიდი შედეგი გამოიღო და ამის შემდეგ გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის. ქვესადგურ „გურჯაანი-220–ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 700 000 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული ქვესადგური გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცენტრალური სადგურია, საიდანაც მთელს რაიონში ნაწილდება ელექტროენერგია’’,–განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.