მედია კაფეს გადარჩენის მოთხოვნით თელავში აქცია გაიმართა
მედია კაფეს დამფუძნებელი მაია მამულაშვილი პლატონ კალმახელიძის უწყებას მოუწოდებს, საფუძვლიანად შეისწავლოს ეს საკითხი და გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინოს საზოგადოებრივი აზრი.
“მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ მოთხოვნაა, რომ კოლეგა ჟურნალისტებთან ერთად სახელმწიფო უწყებებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ და, უპირველეს ყოვლისა, თელავის მარიამ შეისწავლოს, განიხილოს ეს საკითხი, გაუწიოს საზოგადეობრივ აზრს ანგარიში და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მედია კაფის მუშაობის გაგრძელებას და, მეორე მხრივ, სამხატვრო სკოლას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ჩვენი რესურსით“, – აცხადებს მაია მამულაშვილი.
აქციის მონაწილეები მედია კაფესთან დაკავშირებით საკითხის განხილვის მიზნით თელავის მერის მოადგილეებს ლევან ლილუაშვილს და აკა საჩიშვილს შეხვედნენ. შეხვედრაზე პლატონ კალმახელიძის მოადგილეებმა ვერ დაასაბუთეს შენობიდან „მედია კაფეს“ გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება.
საინფორმაციო ქსელების რედაქტორის, გელა მთივლიშვილის აზრით, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტით მერია მედია კაფეს მუშაობის გაგრძელებაში ხელს უშლის. მთივლიშვილის შეფასებით, მიზეზი, რომ სამხატვრო სკოლას გამოფენების მოსაწყობად ფართის გამოყენება სჭირდება და ამის შესაძლებლობა არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„კონტრაქტის საფუძველზე სამხატვრო სკოლას ჰქონდა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს, რომ უფასოდ გამოეყენებინა ეს სივრცე გამოფენისთვის, მასტერკლასისთვის და სხვა საქმიანი შეხვედრებისთვის. ამ ოთხი წლის განმავლობაში ამის პრეცედენტი არ ყოფილა. ოთხი წლის თავზე, როდესაც კონტრაქტს 8 დეკემბერს ვადა ეწურება, სამხატვრო სკოლა ამბობს, რომ ეს ფართი მას სურს. ბუნებრივია ჩნდება ლოგიკური კითხვა, რაში სჭირდება სამხატვრო სკოლას ეს ფართი? ჩემი აზრით, ეს ფართი სჭირდებათ იმიტომ რომ მედია კაფე იქიდან გამოაგდონ“, – ამბობს მთივლიშვილი.
„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ წევრი, გაზეთ „პოსკრიპტუმის“ რედაქტორი ნატო გუბელაძე მიიჩნევს, რომ თელავის მედია კაფესთან იჯარის ხელშეკრულება დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს და არსებული სივრცე უნდა შეუნარჩუნდეს გაზეთ „კახეთის ხმის” რედაქციას. გუბელაძე მიუთითებს, რომ თელავში მედია კაფეს ფუნქციონირება უპრეცედენტო შემთხვევაა და მსგავსი პროექტი არც ერთ რეგიონულ მედიას არ განუხორციელებია.
„არ მახსენდება, რომ რომელიმე რეგიონულ მედიას მსგავსი ორგანიზაცია ჰქონდეს. შეხვედრებისთვის ეს იყო საუკეთესო ადგილი არა მარტო ადგილობრივებისთვის, არამედ საქართველოს მასშტაბით. ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან უცნაურია, რომ ასეთი დამოკიდებულება გამოიჩინა მედია კაფეს მიმართ. იმედს ვიტოვებ, მერია გამოძებნის საშუალებას, რომ მედია და ქალაქელები არ დარჩნენ ამ საუკეთესო ადგილის გარეშე“, – აღნიშნავს გუბელაძე.
ფართთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გაზეთ ,,კახეთის ხმამ” პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე ერთობლივი პეტიცია შეიმუშავა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მედიაკაფე 2012 წლის ნოემბერში საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით დაარსდა. დამფუძნებლებმა მიტოვებული და ნაგვით სავსე სარდაფი გაასუფთავეს, ფართი გაარემონტეს და იქ კაფე მოაწყვეს. ძველი შენობის თაღებიან დარბაზში განთავსებული Media Cafe მომხმარებელს წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, ტკბილეულსა და ყავას სთავაზობდა. მისი სივრცე ეთმობოდა სადისკუსიო შეხვედრებს, სემინარებსა და კინო-ჩვენებებს, ამავე დროს, მედია კაფეში ინტეგრირებული იყო გაზეთი „კახეთის ხმის“ რედაქცია. მედია კაფემ უმასპინძლა ცნობილ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, მოაწყო სხვადასხვა ავტორთან შეხვედრა, კინო ჩვენება თუ დისკუსია. მედია კაფეში, ასევე, გაიმართა 500-ზე მეტ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, 4 საერთაშორისო მედია კონფერენციას.