შშმ პირთა უფლებების დასაცავად ეროვნული მექანიზმის შემუშავება იწყება
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა
”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, შეასრულოს გაეროს კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულება. ამ ეტაპზე ჩვენ შევიმუშავებთ და განვახორციელებთ ეფექტიან პოლიტიკას იმ სოციალური ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სრულყოფილად ჩართონ საჯარო ცხოვრების ყველა სფეროში“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა.
გაერო-ს კონვენციის შესრულებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის საქმეში საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირსა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP).
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზარმაზარი წვლილის შეტანა შეუძლიათ ევროპულ საზოგადოებაში, მაგრამ ამას ხშირად ვერ ახერხებენ არსებული ბარიერების გამო. ინკლუზია მნიშვნელოვანია. ევროპული მიდგომის გათვალისწინებით, ევროკავშირი მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულყოფილ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ევროკავშირის საკვანძო პრინციპები ამ საკითხში ღირსების, ავტონომიურობის, თანასწორობისა და ჩართულობის ღირებულებებია“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა.