პრემიერი ახმეტაში კომპანია ბადაგონს ეწვია
მთავრობის მეთაურმა კომპანიას 10 წლის იუბილე მიულოცა. პრემიერის შეფასებით, მთავარი, რაც კომპანიას ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო დანადგარებსა და ტექნიკური დონესთან ერთად გამოარჩევს, არის ის, რომ “ბადაგონში” ყველაზე კარგად არის შერწყმული ქართული მეღვინეობის, ქართული ღვინის წარმოების საუკეთესო ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. კვირიკაშვილმა “ბადაგონს” ჩინურ კომპანიასთან 5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაც მიულოცა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 32 ქვეყანაში ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული იქნება ჩინეთის ბაზარზეც, რომელსაც ჩვენ ასე ვესწრაფვით, გამომდინარე იმ უდიდესი პოზიტივიდან, რაც ამ ბაზრების დივერსიფიკაციას მოაქვს. ეს უკვე იქნება აბსოლუტურად სტაბილური საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეღვინეობის ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტია – 2012 წლიდან დაიწყო მეღვინეობის წახალისების კომპლექსური, რთველის ხელშეწყობის სახელმწიფო, სუბსიდირებისა და აგროსესხების პროგრამები.