კახეთში ხილის კონცენტრანტების ქარხანა გაიხსნება
როგორც knews.ge-ს ქადაგიშვილმა განუცხადა, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მომავალი წლიდან დაიწყება.
,,ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რეგიონში შემოვიდეს ინვესტორი, რათა დარგები, რომლებიც ჩვენი კუთხისთვის არის პრიორიტეტული, მეტად განვავითაროთ. მაგალითად, მევენახეობა, მეხილეობა, მეღვინეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა უნდა განვითარდეს. რაც შეეხება მეხილეობას, ვხვდები იმ ფერმერებს, რომლებიც აშენებენ თხილის, ხურმის, ქლიავის, გარგარის ბაღებს, რაც მათი შემოსავლის გაზრდას შეუწყობს ხელს. აქტიურად ვმუშაობთ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების გაძლიერებაზე. მათ შორის კახეთში დაგეგმილია ხილის კონცენტრატების ქარხნის გახსნა. ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, რაც გარკვეულწილად სოციალური კუთხით არსებულ პრობლემებს მოგვარებს”, – განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
ფერმერების განცხადებით, მსგავსი ქარხნების გახსნა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვენლოვანია. მათი შეფასებით, ეს ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ, მოსახლეობის შემოსავალი გაიზრდება.
,,ყველა მიესალმება თუ ქარხნები გაიხსნება ჩვენს რეგიონში. ხალხი ფიზიკურად შრომობს და არაფერი უფასდება. ჩვენ მეტი შემოსავლის წყარო არ გაგვაჩნია ადგილ-მამულებში მუშაობის გარდა. სეზონზე ბევრი ხილი ლპება და იყრება, ვერც ვყიდით და ვერც ვერსად ვაბარებთ. ნაშრომიც გვეკარგება და შემოსავალსაც ვერ ვიღებთ რომ ზამთრის სარჩო მოვიმარაგოთ. რაც მეტი ქარხანა გაიხსნება და გლეხის შრომა დაფასდება, სოფელს ხალხი დაუბრუნდება, ჩვენი შემოსავალიც სტაბილური გახდება”, – აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას როლანდ ძებისაშვილი.