სტატიები

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დეპუტატობის კანდიდატებს არ იცნობენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები მოსახლეობა არცერთი პარტიის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატს არ იცნობს, რადგან ისინი სოფელში ამ დრომდე არ გამოჩენილან.

,,არ ვიცნობ არცერთ კანდიდატს, აღარც მაინტერესებს, რადგან ჩვენზე არავინ ზრუნავს. არც თვითონ იწუხებენ თავს აქ ჩამოსვლით. არჩევნებზე წასვლასაც არ ვაპირებ, წლებია გზის, წყლის და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას გვპირდებიან, მაგრამ გამარჯვების შემდეგ აღარ ვახსოვართ“, – განაცხადა  სოფელ კაბალის მკვიდრმა ამიდულ სულეიმანოვმა.

დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს არ იცნობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს ეთნიკურად დასახლებულ თემშიც. როგორც ადგილობრივები ამბობენ,  იმის გამო, რომ ქართულად წერა–კითხვა არ იციან, ქართულ ენაზე დაბეჭდილი სააგიტაციო მასალებისა და პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გაცნობის საშუალება არ აქვთ.

,,არ ვიცნობ დეპუტატობის კანდიდატებს, დაპირებები კი ყველას ერთნაირი აქვს. გვეუბნებიან პრობლემებს მოგიგვარებთო, მაგრამ არჩევნების დამთავრების შემდეგ აღარავის ვაინტერესებთ. აღარც მე მაინტერესებს ვინ არიან კანდიდატები და რა დაპირებები აქვთ’’,– განაცხადა სოფელ იორმუღანლოს მკვიდრმა ფაშა ქაზუმოვმა.

სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისგან განსხვავებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დეპუტატობის კანდიდატების დაპირებებზე და საარჩევნო პროგრამებზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ. ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ მომავალი დეპუტატის იმედი არ აქვთ, რადგან წლებია დაპირებები დაპირებებად რჩება.

,,ყველა კანდიდატს არ ვიცნობ, მაგრამ ვინც მოდის სოფელში და შეხვედრას მართავს ყველას ვესწრები. საარჩევნო პროგრამებს არ ვიცნობ, მაგრამ არჩევნებზე წავალ“, – განაცხადა პანკისის ხეობის მკვიდრმა ოსმან ალხანაშვილმა.

კახეთის რეგიონის კიდევ ერთ, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატებს სოფელში გაკრული პლაკატებიდან იცნობენ.

,,ვახსენდებით არჩევნების წინ და რომ მოდიან მარტო თავის დაპირებებზე გვესაუბრებიან, არავის აინტერესებს ჩვენი პრობლემები. არაფერს აკეთებენ. მარტო ჩვენი ხმები უნდათ არჩევნებზე“,– აცხადებს აჟდარ მუსტაფაევი.

სხვა სოფლების მსგავსად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების დონე დაბალია. ადგილობრივების თქმით, სოფელში დეპუტატობის კანდიდატების წარმომადგენლები მხოლოდ სააგიტაციო პლაკატების გასაკრავად მოვიდნენ და მათ ამ დრომდე კანდიდატებთან შეხვედრის და დალაპარაკების საშუალება არ აქვთ.

,,სოფლის ცენტრში პლაკატები გააკრეს, დანარჩენი აღარ მოსულან. იმედი გვაქვს მოვლენ და გვეტყვიან რას გვპირდებიან და რისი გაკეთება უნდათ, რომ მხარი უკეთეს კანდიდატს დავუჭიროთ“,– განაცხადა როლანდ ძებისაშვილმა.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.