სტატიები

თელაველი აივაზაშვილების დანგრეული სახლი და 4 წელი დახმარების მოლოდინში

მისი მტკიცებით, ადგილობრივი და ცენტრალურ ხელისუფლების დახმარებას 4 წელი უშედეგოდ ელოდება. 

,,2012 წელს სტიქიამ ნაწილობრივ დააზიანა ჩემი სახლის სახურავი. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახლს სახურავი მთლიანად გადახადეს, რომ შეეკეთებინათ. აღმოჩნდა, რომ ჩემი სახლი ისტორიული ძეგლი იყო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად მოითხოვეს პროექტის შედგენა, სახლი კი სახურავმოხდილი დამიტოვეს. ერთი წლის მანძილზე მაძლევდნენ ცელოფნის გადასაფარებლებს, რომ ერთ ოთახზე მქონოდა გადაფარებული. შემდეგ ქირის თანხაც გამომიყვეს და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, რადგან იქ აღარ შეიძლებოდა ცხოვრება. ახლა კი უკვე 9 თვეა, ქირის თანხას აღარ მაძლევენ. მეუბნებიან, რომ ბიუჯეტში თანხა აღარ არის. რაც შეეხება სახლის რეაბილიტაციას, მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურმა შეადგინა პროექტი და ფული არ აქვთ, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარონ. წლებია მეუბნებიან, ფული არ გვაქვსო, როდემდე ვილოდო, სახლი ნელნელა ინგრევა’’, – განუცხადა knews.ge-ს თამარ აივაზაშვილმა.

დაზარალებული ქალბატონის პრობლემას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკურ სპექტრში. პოლიტიკური მოძრაობა,,პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისათვის“ თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანო გალახვარიძე ადასტურებს, რომ 4 წლის განმავლობაში აივაზაშვილების ოჯახი დახარების მოლოდინშია, თუმცა ხელისუფლებამ აღნიშნული პრობლემა არ გადაჭრა. გალახვარიძე ირწმუნება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მსგავსი სოციალური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას პარლამენტის ტრიბუნიდან დაიწყებს.

,,ჩვენთან მოვიდა ქალბატონი და მოგვიყვა თავისი პრობლემის შესახებ. მივედით ადგილზე და დავათვალიერეთ შენობა. ის საშინელ მდგომარეობაშია, ფაქტობრივად დანგრეულია. სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად გვინდა შევქმნათ სახელმწიფო ხალხისათვის, რომ მოვუგვაროთ ამ ხალხს ის პრობლემები, რის წინაშეც ისინი დგანან. ოთხი წელია აივაზაშვილები უშედეგოდ ელოდებიან სახლის რეაბილიტაციას, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი. სახელმწიფო ვალდებული იყო, თავის თავზე აეღო შენობის რეაბილიტაცია, თუმცა ეს სხვა საკითხების მსგავსად მოუგვარებელ პრობლემად დარჩა. ზუსტად ეს არის მაგალითი იმის, რომ ეს ხელისუფლება არის უნიათო და სწორედ ამიტომ უნდა შეცვალოს ის ,,სახელმწიფომ ხალხისათვის’’, – განაცხადა ვანო გალახვარიძემ.

თამარ აივაზაშვილისა და ვანო გალახვარიძის ბრალდებებს ქალაქ თელავის მერიაში პასუხობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ისტორიული ძეგლის შენარჩუნებისთვის ყველა ღონისძიება გაატარეს. როგორც knews.ge-ს თელავის მერიის ძეგლთა დაცვის მთავარმა სპეციალისტმა, ვახტანგ გაგნიძემ განუცხადა, სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სახურავის შესაკეთებლად მისულმა მუშებმა სამუშაოების დაწყება ვერ შეძლეს. გაგნიძის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სახლის სრული რეაბილიტაციისათვის 5000 000 ლარამდე თანხაა საჭირო, თუმცა საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობის გამო აღდგენით სამუშაოებს მერია ამ ეტაპზე ვერ დაიწყებს.

,,სტიქიის დროს როცა მასიურად მიმდინარეობდა დაზიანებული სახლების გადახურვის სამუშაოები, სხვა ისტორიულ ძეგლებთან ერთად, მოხვდა აივაზაშვილების სახლიც. გამომდინარე იქიდან, რომ საცხოვრებელი სახლი ამორტიზირებული იყო, ვერ მოხერხდა სახურავის გადახურვა და მისული მუშები უკან დაბრუნდნენ რადგან კედლები იშლებოდა ისე იყო დაზიანებული. შესაბამისად ვერ მოხერხდებოდა გადახურვის მოწყობაც და შენობაც ვერ აიტანდა ახალი გადახურვის სიმძიმეს. ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შუამდგომლობით, თელავში 3 საცხოვრებელ სახლზე სააგენტომ მოამზადა პროექტი. ესენია ჭადრაკის სახლი, აივაზაშვილების და ერისთავის #20–ში მდებარე სახლი. იმის გამო, რომ აივაზაშვილების საცხოვრებელი სახლი სტიქიამდეც და სტიქიის მერეც ავარიული იყო, ფიზიკურ სამუშაოებზე პროექტით გათვალისწინებულია 500 000 ლარამდე რაც სერიოზული თანხაა და მერიას არ აქვს. ჩვენგან ყველა ზომა იქნა მიღებული მაგ სახლის შენარჩუნებისთვის’’, – აღნიშნა ვახტანგ გაგნიძემ.

თამარ აივაზაშვილი ამჟამად ქირით ცხოვრობს. უცნობია, კიდევ რამდენი ოთხი წელი მოუწევს აივაზაშვილების ოჯახს სხვის საცხოვრებელ სახლში ღამის გათევა.