სტატიები

როგორია წინასაარჩევნო გარემო კახეთის რეგიონში

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ მეოთხე შუალედური ანგარიში 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოს რეგიონების მიხედვით, მათ შორის კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების კონკრეტული შემთხვევებია ასახული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდში კახეთში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 1; ზეწოლისა და მუქარის 3; საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლის 1; ფიზიკური დაპირისპირების 1; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 და არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 1 ფაქტი. „სამართლიან არჩევნებში“ საგარეჯოსა და დედოფლისწაროში სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით მუქარისა და ზეწოლის 3 შემთხვევაზე საუბრობენ. 


„13 სექტემბერს დედოფლისწყაროში მეგობრობის ქ. N2-ში მცხოვრებ ირინა ბუტიკაშვილს მობილურ ტელეფონზე უცნობმა პირმა დაფარული ნომრიდან დაურეკა და მისი სახლის აივანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის ბანერის ჩამოხსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური განადგურებით და საცხოვრებელი ბინის დაზიანებით დაემუქრა. ირინა ბუტიკაშვილმა ჩამოხსნა ბანერი და ფაქტის შესახებ აცნობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის ოფისის წარმომადგენლებს. მან ითხოვა არ მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგან მისი დედა პედაგოგია და არ სურს, მას რაიმე სახის სამსახურებრივი პრობლემა შეექმნას. 15 სექტემბერს საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების დღეს ნინოწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი დადიოდა კლასებში და პედაგოგებს ხელს აწერინებდა,რომ იმავე საღამოს 6 საათზე დაესწრებოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ საჯარო შეხვედრას ამავე სოფელში. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 24 სეტქემბერს სკოლის მასწავლებლების კახა კალაძესთან შეხვედრის დროს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. 

მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობაზე საუბრობენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მიუთითებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მოსახლეობას „ქარული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რაც მარეხ მგალობლიშვილის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. 

„დავით სონღულაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა გურჯაანის სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცენტრის დირექტორმა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, სონღულაშვილის მხარდასაჭერი აგიტაცია გაწია. საარჩევნო კოდექსი უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას უკრძალავს“, – აღნიშნავს მარეხ მგალობლიშვილი. 

სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის ირიბი გამოყენების ნიშნებს ხედავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი. ზურაბ მირზიკაშვილი განმარტავს, რომ საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მასწავლებლებისა და დირექტორების უმრავლესობა მონაწილეობდა მხოლოდ “ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებში, რაც არათანაბარ გარემოზე მიუთითებს. მირზიკაშვილი, ასევე, საჯარო მოხელეების მცირე ნაწილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლაზეც საუბრობს. 

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს მკვეთრად და აშკარად გამოიკვეთა ადმინისტრაციული რესურსის ირიბი გამოყენება. საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა, არასამუშაო საათებში, მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამთავრობო პარტიის კანდიდატების შეხვედრებში. გასაგებია, რომ ეს კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ გარკვეულ კითხვებს აჩენს, ხომ არ იყენებს ამ რესურსს ხელისუფლება. ოპოზიციური პარტიების კანდიდატებთან შეხვედრებზე კი საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული ძალიან ცოტა ადამიანი დადიოდა. ისინი საუბრობდნენ, რომ ოპოზიციონერებთან შეხვედრა ხელმძღვანელობასთან გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა“, – აცხადებს მირზიკაშვილი. 

გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მესამე სექტორის შეფასებით, საერთო ჯამში გადაცდომები თავისი ხარისხითა და მასშტაბით არ არის იმდენად პრობლემური, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.