სტატიები

არჩევნების გარემოზე ზემოქმედება

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი პოლიტიკურ სუბიექტებს მასალების დროულად ჩამოხსნას ავალდებულებს, პარტიები მათ მიერ გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას არც ცდილობენ.

როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა, ვინ არის ვალდებული პლაკატები ჩამოხსნას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სააგიტაციო მასალები მომდევნო არჩევნებამდე ისევ გამოკრული არ იყოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თელავში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს. მათი თქმით, იმისთვის, რომ ქალაქი დანაგვიანებისგან იხსნან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც კანონი არ დაარღვიონ, ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კახეთის რეგიონული კოორდინატორის, ზურა მირზიკაშვილის ინიციატივით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი დასუფთავების აქციის ჩატარებით თელავი სააგიტაციო მასალისგან გაათავისუფლონ. მისივე თქმით, კარგი იქნება თუ აქციას ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შეუერთდება.

,,თელავში არის ინიციატივა, რომ არჩევნების დამთავრების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთრვობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა ერთობლივი დასუფთვების აქცია ჩავატაროთ, რომლის ფარგლებშიც ჩამოვხსნით ყველა გაკრულ პლაკატს და თელავს დავუბრუნებთ უწინდელ სახეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელი იქნება თუ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება”,- განაცხადა ზურა მირზიკაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ავალდებულებს სააგიტაციო მასალა ჩამოხსნან, არჩევნების შემდეგ ქალაქებში თუ სოფლებში მრავლად შეხვდებით სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დონის არჩევნების დროს გაკრულ პლაკატებს თუ სხვა სააგიტაციო მასალას.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ირმა პავლიაშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს, 15 დღის ვადაში, საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან, სააგიტაციო მასალა ჩამოხსნან.

,,საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუ სუბიექტი, პლაკატების ჩამოხსნას კანონით დადგენილ ვადებში არ უზრუნველყოფს, მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის (თვითმმართველობის ერთეულის იერსახის დამახინჯება) მიხედვით, სუბიექტი პირველ ჯერზე 50 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაიზრდება“, – განაცხადა პალვიაშვილმა.

ინიციატივას დადებთად აფასებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მათი თქმით, აუცილებელია საკუთარი საარჩევნო პლაკატის ჩამოხსნაზე ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა იზრუნოს.

,,თავისუფალი დემოკრატების” ახმეტა-თელავის დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კვირიკაშვილის თქმით, წინსაარჩევნოდ გაკრული პლაკატების ჩამოხსნის საკითხი არის ერთადერთი, რომლის გარშემოც ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს.

,,ეს არის ერთადერთი საკითხი, რომლის გარშემოც ყველა პოლიტიკოსი უნდა გაერთიანდეს და ერთობლივად იზრუნოს გარემოს დასუფთვებაზე. მე მომწონს ერთობლივი აქციის ჩატარების იდეა და მასში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას”,- განაცხადა ოტარ კვირიკაშვილმა.

,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის” კახეთის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, ნოდარ ეჟიშვილის თქმით, დროა ქვეყანაში დაიხვეწოს პოლიტიკური კულტურა და ამ კულტურის განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს ყოველი არჩევნების შემდეგ პოლიტიკოსების მიერ გაკრული სააგიტაციო მასალის დროულად ჩამოხსნა.

,,აუცილებლად უნდა გამოვიდეთ პოლიტიკოსები, პარტიები და ერთად ჩვენს მიერ გაკრული პლაკატების ჩამოხსნაში მივიღოთ მონაწილეობა. ყველა პარტია ვალდებულია ამისი, მაგრამ ალბათ სამწუხაროდ ბევრი ამ ინიციატივას არ გამოეხმაურება და არ მიიღებს მონაწილეობას. მე პირდად პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე და ვპირდები ყველას, რომ პარტიის თელავის ორგანიზაცია გამოვა და შეუერთდება ამ აქციას დიდი სიამოვნებით.”

,,ლეიბორისტული პარტიის” თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აკაკი ჯიყაშვილი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ინიციატივას დადებითად აფასებს. მისი თქმით, სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერმა ჯგუფებმა პლაკატები არა წინასაარჩევნოდ, არამედ არჩევნების შემდეგ უნდა ჩამოხსნან, რითაც გარემოს დასუფთავებაზეც იზრუნებენ.

,,ქალაქის სისუფთავე ნებისმიერი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და მივიღოთ მონაწილეობა ჩვენს მიერ გაკრული პლაკატების ჩამოხსნაში. ეს აუცილებელია თელავისთვის, სადაც უამრავი ტურისტი დადის. პლაკატების ჩამოხევა მიმდინარეობს წინა საარჩევნოდ, მოწინააგმდეგე პარტიების მხარდამჭერები კონკურენტების პლაკატებს ხევენ. მოვუწოდებ ამ ადამიანებს გამოვიდნენ და ამ აგრესიული ქმედების მაგივრად არჩევნების შემდეგ დასუფთავების აქციაში მიიღონ მონაწილეობა”,- განაცხადა აკაკი ჯიყაშვილმა.