სტატიები

პლაკატების ომი

გახშირდა სააგიტაციო მასალების, სარეკლამო ბილბორდების დაზიანების ფაქტები და პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებები. კახეთის რეგიონში თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენელი საუბრობს საარჩევნო პლაკატების დაზიანებაზე და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

სააგიტაციო მასალების დაზიანების 37 ფაქტი  მოხვდა ,,სამართლიანი არჩევნების” შუალედურ ანგარიშში. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ორგანიზაციის დაკვირვებით საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე ასეთი ფაქტი, რომელიც საყურადღებოა.

პოლიტიკური მოძრაობა ,,პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისათვის“ თელავი–ყვარლის დეპუტატობის კანდიდატი ვანო გალახვარიძე ირწმუნება, რომ სხვადასხვა პარტიის სმხარდამჭერებისგან შედგენილი ჯგუფები მის სააგიტაციო მასალას გამიზნულად ანადგურებენ.
,,მინდა, დამთავრდეს პლაკატების, აგიტატორების და კოორდინატორების ომი. ახლა ყვარელში რომ წახვიდეთ არცერთი ჩემი პლაკატი აღარ არსებობს, ან ჩამოხეულია ან შეღებილი. გარდა ამისა, თელავში არ არსებობს ბილბორდი, სადაც ჩემი სააგიტაციო მასალის განთავსება შემეძლებოდა, რადგან არ მოგვცეს ადგილი. ეს ვისაც უნდა ჩათვალოს ხელისშეშლად აგიტაციაში,ზეწოლად ან მთავრობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად, ფაქტი კი სახეზეა‘’,– განაცხადა ვანო გალახვარიძემ.

საარჩევნო აგიტაციაში ხელშეშლის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნათია გიორგაძე. იგი ამბობს, რომ მისი საარჩევნო პლაკატები შავად შეღებეს.
,,სააგიტაციო მასალაზე ჩემი სახე და საარჩევნო ნომერი შავი საღებვით არის დაფარული. ყველაზე მეტი პლაკატი სოფელ კოლაგში იყო დაზიანებული. არა მარტო ჩემი, არამედ სხვა პარტიების კანდიდატების პლაკატებიც იყო დაზიანებული და შეღებილი. ვერ გეტყვით, ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა ეს და ხელს ვერავის ვერ დავადებ. მოვითხოვ, ეს ფაქტი სასწრაფოდ გამოიძიონ. პარტიებმა კი უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორი აქტივისტები და თანამშრომლები ჰყავთ აყვანილი. იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც ჩემს პლაკატებზე მმართველი პარტიის კანდიდატის პლაკატი იყო გადაკრული”,– განუცხადა Knews.ge-ს ნათია გიორგაძემ.

წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს ,,თავისუფალი დემოკრატების“ თელავი–ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კვირიკაშვილიც. მისი მტკიცებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახშირდა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მისი სააგიტაციო პლაკატების დაზიანების ფაქტები.
,,ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ხდება ჩვენი არათანაბარ პირობებში ჩაყენება სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებთან შედარებით, რომლებიც არ ერიდებიან თუნდაც ბინძურ მეთოდებს, მაგალითად, პლაკატების ჩამოხევას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ სათქმელი ამომრჩევლამდე მივიტანოთ და ვფიქრობ ამომრჩეველი აირჩევს უკეთესს ‘’,–აღნიშნა ოთარ კვირიკაშვილმა.
სააგიტაციო მასალების მასობრივ დაზიანებაზე მიუთითებს საარჩევნო ბლოკი ,,გოგი თოფაძე–მრეწველები, ჩემი სამშობლოს“ თელავი–ყვარლის მაჟირიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ ბეჯანოვიც.

,, პლაკატების ჩამოხევა ხდება, მაგრამ  რამდენჯერაც ჩამოხევენ, იმდენჯერ გავაკრავთ ჩვენც.’’

იორმუღანლოს თემის მკვიდრი, მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი კაზამფარ მამედოვი მმართველი პარტიის კანდიდატის, რომან მუჩიაშვილისა და მისი მომხრეების მხრიდან საარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში წარმოების დროს ხელის შეშლაზე მიუთითებს.

,,ხელი შეგვიშალეს ჩემი საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს. ჩემს აქტივისტებს ,,ქართული ოცნების“ ხალხმა უთხრეს, რომ ქალაქი საგარეჯო ჩვენი ტერიტორიაა, აქ არ უნდა მოხვიდეთო და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, მუდმივად ხევენ ჩემს პლაკატებს’’ განაცხადა კაზამფარ მამედოვმა.

პლაკატების განზრახ დაზიანებაზე  საუბრობდა თელავი–ყვარლის გაერთიანებულ ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატობის უკვე ყოფილი კანდიდატი, ვასილ კევლიშვილი. მისი განცხადებით, სწორედ ამ და სხვა ხელშეშლის ფაქტებზე მოხსნა კანდიდატურა და ,,პარტიოტთა ალიანსს” შეუერთდა.

,,ჩემს სააგიტაციო მასალებს შეგნებულად ანადგურებდნენ, სხვადასხვა ობიექტიდან ხსნიდნენ პლაკატებს, ხევდნენ  და აზიანებდნენ. შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელი მეშლებოდა. ყველამ კარგად იცის დამოუკიდებელ კანდიდატებს რა მწირი ფინანსური რესურსი გვაქვს, ძალიან გვიჭირს სააგიტაციო მასალის დამზადება, დაბეჭვდა და გაკვრა. ვის და რატომ სჭირდებოდა ჩემი პლაკატების დაზიანება არვიცი, თუმცა ფაქტია, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას’’,– განაცხადა ვასილ კევლიშვილმა.

რამდენიმე კვირის წინ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში „ნაციონალური მოძრაობის“ თელავი – ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის საარჩევნო ბანერიც დააზიანეს.

გიორგი ბოტკოველის თქმით, მის ბანერს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. ბოტკოველი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. 
,,ეს არის ,,ქართული ოცნებისწარმომადგენლების მიერ შესრულებული საქმე, რადგან კარგად ხედავენ, რომ როგორც შილდაში ასევე სხვა სოფლებშიც არ აქვთ კარგად საქმე და ამიტომ ცდილობენ ჩვენი მომხრეები დააშინონ, მაგრამ ეს მათ არ შეაშინებთ და უფრო გაძლიერდებიან,”– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
,,ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი დეპუტატობის კანდიდატის ბანერი დააზიანეს დედოფლისწყაროში. სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო ბანერს ცეცხლი გაუჩნდა. ლევან ბაღაშვილი მომხდარ ფაქტს „ქართული ოცნების“ მომხრეებს აბრალებს და საქმის დროულად გარკვევას და გამოძიებას ითხოვს.

ქალაქ თელავში პლაკატების მასიურად დაზიანებაზე საუბრობს ,,ლეიბორისტული პარტიის” თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ჯიყაშვილიც. მისი თქმით, ორი დღის წინ ქალაქში გაკრული ყველა პლაკატი დაზიანებულია.

,,ჩემი პლაკატები ჩამოხიეს მთელი ქალაქის მასშტაბით. ორი დღის წინ გავაკარით კიდევ და გუშინ კვლავ ჩამოხეული ვნახე. არიან ადამიანთა ჯგუფები, ვინც ღამით დადიან და ხევენ სხვადასხვა კანდიდატების პლაკატებს. კონკრეტულად ვინ არიან არ ვიცი”,- განაცხადა აკაკი ჯიყაშვილმა.

სააგიტაციო მასალის დაზიანების ეს და სხვა ფაქტები მოხვდა ,,სამართლიანი არჩევნების” IV შუალედურ ანგარიშში. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით,ორგანიზაციის დაკვირვებით საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სააგიტაციო მასალების დაზიანების 37 ფაქტი.

,,განსაკუთრებით იმატა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების – პარტიული დროშების, პლაკატების და ბანერების დაზიანების შემთხვევებმა. დაზიანება ძირითადად, პლაკატების ჩამოხევაში, სხვადასხვა სუბიექტის პლაკატების ერთმანეთზე გადაკვრაში გამოიხატება. რამდენიმე შემთხვევის გარდა, შეუძლებელია ფაქტის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა და პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, „გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებსა და წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის (საარჩევნო სუბიექტის) სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა, დაზიანება  ან განთავსებაში უკანონოდ ხელის შეშლა”.