სტატიები

ეიფელის კოშკი კახეთში – დეპუტატობის კანდიდატების უცნაური დაპირებები

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების არც თუ მცირე ნაწილის საარჩევნო პროგრამაში შეხვდებით უცნაურ დაპირებებს.  ორგინალურობით გამოირჩევა „თოფაძე მრეწველებიდან“ თელავი-ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ ბეჟანოვი. ის საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოს, ეიფელის კოშკის აშენებას თელავში გეგმავს. ბეჟანოვმა ინვესტორებიც დააინტერსა ამ იდეით და ირანელი მსხვილი ბიზნესმენები მზად არიან 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელონ. 
„ძალიან მოეწონათ ეს იდეა ირანელ ბიზნესმენებს. ეს ძალიან რეალური დაპირებაა. თუ მე გავხვდები პარლამენტის წევრი, ირანელები მზად არიან, 1 მილიარდი დოლარის ინევსტიცია განახორციელონ და თელავში ეიფელის კოშკი აშენდეს“, – აღნიშნავს ბეჟანოვი. 
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის პრიორიტეტების ჩამონათვალში კი ცივის მთაზე ფუნიკულიორის აშენება ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. სესიაშვილი ფიქრობს, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ტურიზმს განავითარებს.
,,მე ვთავაზობ როგორც ქალაქს ისე ხელისუფლებას, რომ თელავი გახდეს ისეთივე ტურისტული ცენტრი, როგორიც არის ბათუმი და თბილისი. ჩემი ინიციატივაა ცივის მთაზე ფუნიკულიორის აშენება. ცივის მთა არის ჩვენი ქალაქის სიმბოლო. მისი განვითარება დამატებით ინვესტიციებს მოიტანს: აშენდება სასტუმროები, განვითარდება ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები, განვითარდება ინფრასტრუქტურა, ეს კი რა თქმა უნდა შემოსავალს მოგვიტანს და დადებითად აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე’’, – განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა.
საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში 24 წლიანი გაყინული კონფლიქტის მოგვარება „ეროვნული ფორუმიდან“ თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა გელაშვილმა თელავიდან და ყვარლიდან უნდა დაიწყოს. 
,,ეროვნული ფორუმის წარმომადგენლობა ყვარელში ერთ გუნდად შეკრავს და ორგანიზებას გაუწევს ეროვნული ძალების კონსოლიდაციას. ჩემი არჩევის შემთხვევაში პოლიტიკური ცვლილებები საქართველოში, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დაიწყება თელავიდან და ყვარლიდან. ეს არის ჩემი პოლიტიკაში წასვლის ძირითადი პრინციპი და იდეა”,– ამბობს გელაშვილი.
სამ დღეში მოსახლეობა პარლამენტის ახალ შემადგენლობას აირჩევს. არჩევნებიდან რამდენიმე თვეში გაირკვევა, რა ბედი ეწვევა თელავში ეიფელის კოშკისა და ფუნიკულიორის მშენებლობის იდეას.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.