სტატიები

ეკომიგრანტები მომავალ დეპუტატს პრობლემების მოგვარებას სთხოვენ

მათი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დაპირებების მიუხედავად, სოფელში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა უცვლელია. ადგილობრივები შიდასაუბნო გზების, სასმელი და სარწყავი წყლისა, ბუნებრივი აირის მომარაგებისა და მიწის ნაკვეთების დამუშავების პრობლემებზე ჩივიან.

მანანა სუმანიძე:

,,აჭარიდან სოფელ არეშფერანში 7 წლის წინ დავსახლდით. მთავრობამ მოგვცა საცხოვრებელი სახლი და მიწის პატარა ნაკვეთი. უსახსრობის გამო მიწას ჩვენი და მეზზობლების მიწები დაუმუშავებელია. ჩვენი მარჩენალი ერთი მეწველი ძროხა და ბოსტნეულის მცირე სათბური. მომავალი დეპუტატისგან ვითხოვთ, რომ მოგვხედოს, მარტო ჩვენი ხმები უნდათ საარჩევნოთ და მერე ხალხს ივიწყებენ.“

მზისადარ გოგიტიძე:

,,ბევრი პრობლემა გვაქვს ეკომიგრანტ ოჯახებს, არ ვსარგებლობთ არანაირი შეღავათით, არც სოციალური დახმარება გვაქვს. საცხოვრებელ ბინებს დაგიკანონებთო გვპირდებიან, მაგრა ამ დრომდე უშედეგოდ. ამდენი წელია აქ ვართ და არავინ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემით.’’

სიმონ მამულაიძე:

,,ჩვენი ძირითადი შემოსავალი ბოსტნეულის რეალიზაციია, თუმცა სხვა სოფლების მსგავსად, მიწები ცოტა გვაქვს, ვერც საკმარისი ბოსტნეული მოგვყვავს და არც საქონლის მოვლის საშუალება გვაქვს. სოფელს საძოვრები არ გააჩნია რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. მოდიან, რომ ხმა მოგვეცით და პრობლემებს მოვაგვარებთო ამბობენ, მაგრამ აქამდე გაკეთებული საქმე ვერ ვნახეთ.’’

ლამარა სურმანიძე:

,,სოფლის შიდა საუბნო გზები ცუდ მდგომარეობაშია, წლებია მის გაკეთებას ვითხოვთ, მაგრამ ყურადღებას ვინ გვაქცევს. ვთხოვთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოგვხედოს. ახალი დეპუტატის იმედიც გვაქვს, რომ ჩვენი პრობლემებით დაინტერესდება.’’

მაკა კალაძე:

,,სოფელში მდინარეზე გადასასვლელი სამანქანო გზა არ გვაქვს. საფეხმავლო ხიდიც ახლა გააკეთეს, მანამდე ძალიან გვიჭირდა სოფლის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლა. მაინც გვიჭირს მოძრაობა, ცხენებით გადავდივართ მდინარეზე. ჩვენც ადამიანები ვართ და მოხედვა გვჭირდება. სხვაგან ათას რამეებს აკეთებენ და ამ სოფელსაც მიხედოს ვინმემ, მაგალითად დეპუტატმა.’’

ვაჟა ბოლქვაძე:

,,სოფლის მცხოვრებლების უმეტესობას ძროხები ყავს და მაგით ირჩენს თავს, საძოვრები კი არ გაქვს, ეს დიდ პრობლემას გვიქმნის. იმედი გვაქვს, ახალ დეპუტატს დააინტერესებს ჩვენი ყოფაბი. რაც ბინები და მიწის მცირე ნაკვეთი მოგვცეს, მას შემდეგ წლებია ჩვენთან არავინ მოსულა.’’

გოგია იმერლიშვილი:

,,გზა ჩვენ არ გვაქვს, წყალი და ბუნებრივი აირი. სოფლეში ერთი რაც გაკეთდა, მდინარეზე გადასასვლელი პატარა საფეხმავლო ხიდია. შეგვპირდნენ ბევრ რამეს, მაგრამ სულ ტყუილად. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე უყურადღებოდ და გაუსაძლის მდგომარეობაში. ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს ჩვენზე? იქნებ, ახალმა დეპუტატმა მოგვხედოს ეკომიგრანტებს.