სოფელ ყიტაანში დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს არ იცნობენ
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სოფელ ყიტაანის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს არ იცნობს. ოსური სოფელი ყიტანი, რომელიც ჩუმლაყის თემში შედის და გზიდან სულ რაღაც 4 კილომეტრია, მიტოვებულ დასახლებას ჰგავს, საჯარო სკოლის დახურვის შემდეგ აქ თითქოს სიცოცხლე მიწყდა. ადგილობრივებს უამრავი პრობლემის წინაშე უწევთ ცხოვრება, თუმცა, მთავარი მაინც ბავშვების სიხალისეა, მოსახლეობა არასრული სკოლის აღდგენას ითხოვს, ხალხი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ წლებია წინასაარჩევნო პერიოდში ერთიდაიგივე დაპირებებს ისმენს, თუმცა სოფელში ათეული წელია მდგომარეობა უცვლელია.
,,მოდიან და მოსახლეობას ხვდებიან, რას აღარ გვპირდებიან, მაგრამ საქმე არ კეთდება. სოფელი უკანჶუკან მიდის. ბირჟაზე გამოაკრეს პლაკატები, ზოგს კიდევ საცხოვრებლე სახლზე გაუკრეს და სახეც ვცნობთ ვინ ვინ არის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მოდიან, მაგრამ საჩვენოს არ იძახან. ვინც მოდის ყველას ვეუბნებით ჩვენს გასაჭირს. რამდენი წელია სკოლის გახსნაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ უშედეგოდ. ხომ შეიძლება, დაწყებითი კლასები მაინც გახსნან? დაწყებითი კლასების ბავშვები ელოდებიან უფროსკლასელებს როდის დაამთავრებენ გაკვეთილებს 3 საათამდე, რომ სოფელში დაბრუნდნენ, რადგან ტრანსპორტი ერთხელ დადის და მოყავს ბავშვები. დაპირებებს ეხლაც გვაძლევენ, რომ სკოლას გაგიხსნითო, მაგრამ შესრულდება?“, – აცხადებს რობერტ ქუზეშვილი.
სოფლის მაცხოვრებლების ნაწილი კამერასთან საუბარს ერიდება. პირად საუბრებში ამბობენ, რომ არჩევნებზე წასვლას არ აპირებენ. მათივე განცხადებით, ამ ნაბიჯს არჩვენების მიმართ ნაკლები ინტერესით ხსნიან. ადგილობრივები მომავალ დეპუტატს კომპეტენციის ფარგლებში და სკოლის გახსნის საკითხში ჩარევას და დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივი მთავრობისაგან კი, ყურადღებას მიქცევისა და პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
,,სოფელში მიტოვებულია ყველაფერი. ერთადერთი დაწესებულება, რაც სოფელს გააჩნია, საბავშვო ბაღია 17 ბავშვით. წყალი ძალიან გვიჭირს, სასმელად ვარგისი არ არის, თანაც გრაფიკით მოგვეწოდება. არც სინათლის ბოძები ვარგა, ამორტიზებულია და გამოსაცვლელი. ახალგაზრდებისთვის სოფელში არაფერია, მოსახლეობა ოჯახების სარჩენად წავიდა. არჩევნებზე რომ ჩვენი ხმები უნდათ, საქმეც გაგვიკეთონ და მოგვხედონ, რომ დანაპირები შეასრულონ“, – ამბობს მერაბ თოგოშვილი.
მოსახლეობის განმარტებით, სოფელში არ ტარდება შეხვედრები, საინფორმაციო კამპანია არჩევნების შესახებ. ამბობენ, რომ ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების შესახებ ტელევიზორიდან აქვთ. ექსპერტები საარჩევნო საკითხებში აცხადებენ, რომ სოფლებში მნიშვნელოვანია საინფორმაციო–საგანმანათლებლო შეხვედრების მოწყობა და მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არჩევნების პროცედურების, ასევე მოქალაქის როლის გაცნობიერეასთან დაკავშირებით. მათივე შეფასებით, საქართველოში საარჩევნო კულტურა ნაკლებად არის განვითარებული.
,,მოსახლეობა უნდა ფლობდეს ინფორმაციას საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, ზოგადად პარლამენტის და დეპუტატის უფლებამოსილებებზე, ვის ირჩევენ, როგორ და რატომ. უნდა იცნობდნენ საარჩევნო მოდელებსა და პრინციპებს. უნდა ხდებოდეს მოქალაქეთა ინფორმირებულობის ზრდა და მათი გააქტიურება, რათა მათ შეძლონ გააზრებული, დემოკრატიული არჩევანის გაკეთება და შემდგომ პროცესებში მონაწილეობა“, – აცხადებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ წარმომადგენელი ლევან იაგანაშვილი.
სოფელ ყიტაანის მოსახლეობა მომავალი დეპუტატისგან სკოლის აღდგენაში დახმარებას, საძოვრების, ნაკვეთებამდე მისასვლელი და შიდა გზების, ამბულატორიისა და პროდუქტის რეალიზებისთვის ბაზრების პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.