წინასაარჩევნო გარემო პანკისის ხეობაში
ადგილობრივები ამბობენ, რომ მაჟორიტარი კანდიდატების უმეტესობას ამ დრომდე არ იცნობენ. სოფლებში თითქმის ვერ შეხვდებით კანდიდატების პლაკატებს, და რაც არის გამოკრული, ისიც დაზიანებულია.
ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და ამბობს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობის საარჩევნო პროგრამებს არ იცნობენ. ზოგიერთ მათგანს კი სახეზეც ვერ ცნობენ. მათი განმარტებით, არ იციან რომელი კანდიდატი თემში რა საკითხების მოგვარებას აპირებს და რატომ სურს მხარდაჭერა.
საარჩევნო პროგრამებისა და დაპირებების გასაცემად პანკისში ძირითად ორი პარტია აქტიურობს – მმართველი – ,,ქართული ოცნება“ და ოპოზიციიდან კი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.
ორად იყოფა ხეობის მაცხოვრებლების არჩევანიც. ნაწილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერია და მიაჩნია, რომ შეცდომების მიუხედავად დაწყებული პროექტები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ რესურსები ამოწურა და დროა, „ნაციონალური მოძრაობა“ განახლებული შემადგენლობითა და ახალი პროგრამებით დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
,,როდის ყოფილა სოფელი პრობლემების გარეშე? მე ხმას ისევ ,,ქართულ ოცნებას“ მივცემ, რადგან ბევრ რამეს გვპირდებიან. ეხლახან გაზისა და სასმელი წყლის გაყვანილობა გააკეთეს, პრობლემების მოგვარებას დაგვპირდნენ. დავაცდით, გააკეთებენ. 1 წელში სოფელი ვერ აშენდება. კარგი კანდიდატი ყავთ და ვფიქრობ, რომ მოგვხედავს. დასაქმება გვინდა და წვრილი პრობლემები რომ მოგვიგვარონ სოფელში,“ – განუცხადა
„კახეთის ხმას“ სოფელ ბირკიანის მცხოვრებმა ოსმან ალხანაშვილმა.
თანასოფლელის მოსაზრებას არ ეთანხმება ერმალო ბაღაკაშვილი. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში 4 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ქვეყანაში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაწყებულიყო.
,,ჩვენი ინტერესი არჩევნების მიმართ მაღალია, გვაინტერესებს შედეგები, რა მოხდება. მინდა, რომ ჩვენს ხეობაში პრობლემები მოგვარდეს და რაც შეიძლება მეტი კარგი საქმე გაკეთდეს. სოფელში უამრავი პრობლემაა, გამოსაცვლელია ეს მთავრობა! ქვეყენაში და განსაკუთრებით, სოფლებში, სიღარიბეა, არავინ მუშაობს. საძოვრებიც არ გვაქვს, ძროხებს ტყეში ვაბალახებთ. შიდა გზებზე, სასმელ წყალსა და ბუნებრივ აირზე აღარ ვლაპარაკობ, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია. უნდა მოგვიმატონ პენსიებიც. წინ არაფერი წავიდა ბოლო წლებია, ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას მივცემ ხმას“,– განაცხადა ერმალო ბაღაკაშვილმა.
რაც შეეხება ხეობაში მცხოვრებ ქალ ამომრჩევლებს, სოფელ ჯოყოლოს მკვიდრის ეთერ ციხესაშვილის განცხადებით, ეთნიკურად დასახლებულ თემში ქალთა სარჩევნო პროცესებში ჩართულობა გაიზარდა.
,,ჩვენი საარჩევნო უფლებების შესახებ გვაქვს ინფორმაცია და ვიცით, რომ საარჩევნო პროცესებში ჩვენი ჩართულობა და მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია. ხეობაში ოჯახის ყველა წევრს შეიძლება პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულება ქონდეს, მაგრამ ყველა უპრობლემოდ აფიქსირებს საკუთარ არჩევანს. გავრცელებულია მითი, რომ საარჩენო კაბინაში დამონტაჟებულია კამერა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის და ყველას საარჩევნო უფლება თავისუფალია “, –აცხადებს ეთერ ციხესაშვილი.
,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის თამარ ბექაურის განცხადებით, ხეობის მოსახლეობის ინფორმირებასა და საზოგადოებრივ საქმეში ადგილობრივების ჩართულობაზე ფონდი წლებია ზრუნავს.
,,როგორც სატელევიზიო გადაცემებსა და გაზეთებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ვეცნობი, რაც აზერბაიჯანულ თემში ხდება, ჩვენს ხეობაში განსხვავებული მდგომარეობაა. აქ მცხოვრები მოსახლეობა და განსაკუთრებით, ქალები გახდნენ დამოუკიდებლები. მიუხედავად იმისა, რომ რელიგია და ტრადიციები განსხვავებულია, ქალები საკუთარ უფლებებს იცავენ და არჩევნებზე მათი აქტივობა მაღალია. ჩვენი ორგანიზაცია მართავს უამრავ საინფორმაციო შეხვედრასა და ტრენინგს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება“,–განაცხადა თამარ ბექაურმა.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.