სტატიები

როგორია პოლიტიკური პარტიების ხედვა საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ

ყველა წამყვანი პოლიტიკური პარ­ტია, მცირერიცხოვანი პოლიტიკუ­რი სუბიექტების გარდა, თანხმდება იმაზე, რომ ნატოსა და ევროკავშირ­ში საქართველოს გაწევრიანებას ალტერნატივა არ გააჩნია, თუმცა მათ ამ მიმართულებით განსხვავე­ბული ხედვა და სტრატეგია აქვთ.  აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკვლევის თანახ­მად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირსა (72 %) და ნა­ტოში (64 %) ინტეგრაციას, თუმცა გამოკითხულთა 29 % მაინც მიიჩნე­ვს, რომ უფრო სასარგებლო იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ ამბიციებზე უარის თქმა „რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების“ სა­ნაცვლოდ.  სახელისუფლო პარტია „ქარ­თული ოცნება–დემოკრატიული საქართველოსთვის“ კი ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მთავარ პრიორიტე­ტად რჩება. პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და თელავი–ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კან­დიდატი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სუვერენი­ტეტისა და უსაფრთხოების განმტ­კიცებისათვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ასო­ცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებას. ეს მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს. გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრ­თხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ჩშDP) ფარგლებში. საქართველომ დაამტკიცა, რომ აქვს პოლიტიკური ნება და შესწევს უნარი, მნიშვნელო­ვანი წვლილი შეიტანოს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც ჩვენი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარ­დაჭერის მისიაში მონაწილეობით დასტურდება. ნატოში ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით: არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით მოვემზადებით ნატოს წევრობისთვის; გაგრძელდება ნატო–საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ეფექტიანი განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაც­ვისუნარიანობის განმტკიცებასა და ნატოსთან თავსებადობის ზრდას და ა.შ.“, – აღნიშნავს სესიაშვილი.

საგარეო პოლიტიკის მიმართულე­ბით ერთიანი ნაციონალური მო­ძრაობის მთავარი პრინციპი ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობაა, რაც პარტიის სტრატეგიული მიზანია. ყოფილი სახელისუფლებო პარ­ტიის ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვების შე­მდეგ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანა გააგრძელებს განუხრელ მსვლელობას და, დღევანდელი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ახალ მთავრობას ექნება პრინციპუ­ლი პოზიცია.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარალელურად ჩვენ გავაძლიე­რებთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების გან­მტკიცებაში; საქართველოს შეიარა­ღებული ძალების საბრძოლო მზად­ყოფნის შემდგომი გაძლიერებისა და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გასაუმჯობესე­ბლად, ნატოს ეგიდით და/ან ნატოს წევრ–სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საქართვე­ლოსათვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში“, – აცხადებს ბარამიძე.

რესპუბლიკური პარტიის ხედვით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუ­ფლებამ ევროკავშირის წევრობა ოფიციალურად უნდა მოითხოვოს ევროკავშირის შეთანხმების 49–ე მუხლის საფუძველზე, რისთვისაც არსებობს ობიექტური საფუძვლე­ბი და საჭიროა ქვეყნის მთავრობის მიერ გამოხატული მკვეთრი პო­ლიტიკური პოლიტიკური ნება. რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინ­ტეგრაცია, როგორც თვალსაწიერ მომავალში სახელმწიფოს განვი­თარების სტრატეგიული ვექტორი, კონსტიტუციურ პრინციპად უნდა იქცეს.

„იმისთვის, რომ ევროპა და­გვეხმაროს ქვეყნის აღმშენებლობაში და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის თანასწორუფლებიანი წევრი, საჭიროა საქართველოს მიერ არჩეუ­ლი ევროპის კავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკური კურსის წარმატებით განხორციელება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავი­სუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება. ამასთანავე ნატოსა და ნატოს წევრ ქვეყნებთან სტრატეგიუ­ლი თანამშრომლობის მიმართულება და მოცულობა უნდა გაფართოვდეს. ნატოსა და ევროკავშირის სამშვიდო­ბო ოპერაციებში საქართველოს შეია­რაღებული ძალების ოპერაციებიდან ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი უნდა ნახოს“.

ეროვნულ ფორუმში მიიჩნევენ, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა, თუმცა ქვეყანამ უნდა გაამახვილოს ყურადღება თავად რა სარგებლის მოტანა შეუძლია ნატოსა და ევროკა­ვშირისათვის. პარტიის წევრი გელა გელაშვილი მიუთითებს, რომ ვი­ნაიდან არსებობს რეგიონში დიდ მოთამაშეთა (აშშ, ევროპა, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ისრაელი, არა­ბული სამყარო, გარკვეულ წილად ჩინეთი) ურთიერთუნდობლობით გამძაფრებული კონკურენცია, სა­ქართველოს ეძლევა შესაძლებლო­ბა, გახდეს სამშვიდობო პროცესის დაწყების ინიციატორიც და მასპინ­ძელიც.

ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება სასი­ცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ძირითადად ვფიქრობთ ხოლმე რა სარგებელს მივიღებთ ამ ორგანიზა­ციებში გაწევრიანებით. ჩვენ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ვერასოდეს ვერ გავხდებით, თუ პარალელურად არ ვიფიქრეთ, რა სამსახური შეი­ძლება გავუწიოთ ამ ორგანიზაციებს“, – ამბობს გელაშვილი.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში, გააგრძელებს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შეუქცევად პროცესს. ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთია­ნებული ოპოზიციის“ წევრი გოჩა მამაცაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესის დროს საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული ინ­ტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.

„არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტი იქნება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ აქ აქცენტია გასაკეთებელი ფორმებზე, მეთოდებზე, დიპლომა­ტიურ მიდგომებსა და დეტალებზე. ევროინტეგრაციის პროცესის დროს გავითვალისწინებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების რჩევებს და ამავე დროს ვიმუშავებს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის“, – აღნიშნავს მამაცაშვილი.

მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხა­ლხისათვის“ მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიზნით ქვეყანაში მთელი რიგი რე­ფორმები გატარდება. პოლიტიკუ­რი მოძრაობის ერთ–ერთი წევრი ვანო გალახვარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს წინაშე არსებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება ნატოსა და ევროკავშირ­ში ქვეყნის გაწევრიანების მთავარი წინაპირობაა.

ჩვენ უნდა გავწევრაინ­დეთ ისეთ სტრუქტურებში, სადაც სა­ქართველოსთვის მეტი უსაფრთხოება და განვთარების შესაძლებლობა იქნება. ჩვენი ეკონიმიკის განვითარე­ბისთვის და თანამედროვე ცხოვრებას რომ ავუწყოთ ფეხი, საქაეთველოს სჭირდება ევროკავშირის წევრო­ბა. ქვეყანას უსაფრთხოებისათვის სჭირდება ნატო, რადგან ეს არის ერ­თადერთი ალიანსი, რომელიც ჩვენი გარშემომყოფი მეზობლებისაგან დაგვიცავს. ჩვენ გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი იმ შემთხ­ვევაში, თუ ქვეყანა დაკისრებულ ვალდებულებებს სწრაფად და სრულ­ყოფილად შეასრულებს“, – აცხადებს გალახვარიძე.

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება გამოდის ინიციატი­ვით, რომ საქართველომ გამოაცხა­დოს უბლოკო სტატუსი. პარტიის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კანონის მეშ­ვიდე თავს უნდა დაემატოს მუხლი, რომლის თანახმად, საქართველო უარს იტყვის ნატოში ან სხვა რო­მელიმე სამხედრო ბლოკში გაერ­თიანებაზე.  რამდენად შეძლებენ პოლიტიკუ­რი პარტიები თავიანთი საგარეო მიმართულებების მხარდაჭერას ,ეს არჩევების შემდეგ გახდება ცნობილი, როცა პარლამენტის დეპუტატები მთავრობას დააკომ­პლექტებენ.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.