თელავში მარტივად ადაპტირებული უბნების რიცხვი იზრდება
საარჩევნო გარემოს რეალური ხელმისაწვდომობისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისის განმარტებით, ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობა გაიზრდება. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, 2015 წელს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიზანიც საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების ადაპტირების უზრუნველყოფაა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რათა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მისი ფიზიკური შესაძლებლობის მიუხედავად, ჰქონდეს თანაბარი წვდომა საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების პროცესში. წინა წლებში ძალიან ცოტა იყო ადაპტირებული უბნების რიცხვი, დღეს კი მათი რიცხვი საგრძნობლად არის გაზრდილი. ზოგჯერ საარჩევნო უბნის განთავსება გვიწევს მეორე სართულზე და ამ დროს ადაპტირების პრობლემა მეტად იჩენს ხოლმე თავს. ამ პრობლემებს ეტაპობრივად ვაგვარებთ და იმედი მაქვს, რომ გაცილებით მეტი იქნება ამ არჩევნებისთის ადაპტირებული უბნები ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისათვის’’, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ბენეფიციარების განმარტებით, ადაპტირებული საარჩევნო უბნების გაზრდა ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს რეალურ ხელიმისაწვდომობას. შშმ ამომრჩევლები აცხადებენ, რომ პრობლემები, რომელიც მათ წლების განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მისვლისას ექმნებოდათ იგივე დარჩება. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და შეზღუდული ფიზიკური გარემო პრობლემურია ეტლით მოსარგებლე შ.მ-სთვისაც (ვინაობის გამხელა არ ისურვა). მისი განმარტებით, იმისთვის, რომ მან საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი, აუცილებელია უბნების ინფრასტრუქტურის ისე მოწყობა, რომ მან დაბრკოლების გარეშე შეძლოს შენობაში შესვლა და გადაადგილება.
,,ჩემთვის ერთ–ერთ დიდ პრობლემას შენობების შესასვლელთან პანდუსების არარსებობა. ამის გამო გადასატანი ყუთით ვსარგებლობ და ისე ვაკეთებ არჩევანს. სურვილი მაქვს, თავად მივიდე და მივცე ხმა სასურველ კანდიდატს, თუმცა ვერ ვახერხებ რადგან სხვისი დახმარება მჭირდება. მაქვს უფლება, რომ დამოუკიდებლად მივიდე ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე“,– განაცხადა შ. მ–მ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დამცველი, ექსპერტი გიორგი ათუაშვილს მიაჩნია, რომ სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა უპირველესია.
,,თელავის პირობებში იშვიათად თუ სადმე ვნახავთ ადაპტირებულ შენობას. მე ვარ ძალიან აქტიური განსაკუთრებით კი, არჩევნების დროს, ყოველთვის ვარ მობილური ჯგუფის წევრი და როდესაც ჩვენთან რეკავს შშმ პირი, რომელსაც სურს, მივიდეს საარჩევნო უბანზე, მივდივართ ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად და მიგვაქვს მოძრავი პანდუსი, უბანზე მიგვყავს ტრანსპორტით. დღეისთვის შშმ პირებისთვის უბანზე მისვლისას ერთჶერთი პრობლემა ისევ პანდუსების არარსებობაა, რომ მათ შენობაში შესვლა შეძლონ. გარდა ამისა, ასევე მთავარია ქალაქში სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა.’’
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის’’ (PHR) წარმომადგენლები არჩევნებში შშმ პირების ჩართულობის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ. მათი თქმით, ამის მიზეზი ინკლუზიური გარემოს არარსებობაა.
,,არჩევნებში ჩართვა შშმ პირების და მისაწვდომობა არ ნიშნავს მარტო პანდუსის არსებობას, აუცილებელია დანარჩენი გარემო იყოს ადაპტირებული და ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული. მაგალითად: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შშმ ამომრჩევლების 6%–მა მიიღო მონაწილეობა. ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი,’’– განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კობა ნადირაძემ. შშმ ახალგაზრდების მშობლები აცხადებენ, რომ ყველას უნდა ქონდეს თანაბარი საარჩევნო ხმის უფლება. ,,ჩემი შვილი ჯერ არ არის სრულწლოვანი, თუმცა სარჩევნო უბნების ადაპტირება უმნიშვნელოვანესია. ეს ერთ–ერთი საკითხია რაც შშმ ამომრჩევლისთვის სათანადო ინკლუზიური გარემოს შექმნაა”,–განაცხადა ნინო მაისურაძემ.
თელავის -17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის განცხადებით, ქალაქში შშმ პირებისთვის ადაპტირებული უბნების რაოდენობა წინა არჩევნებთან შედარებით გაზრდილია. მისივე თქმით, არჩევნებისთვის უბნებზე სათანადო ინფრასტრუქტურა მოეწყობა იმისთვის, რომ შშმ ამომრჩეველმა არჩევანის გაკეთება თავისუფლად შეძლოს.
,,თელავში რამდენიმე საარჩევნო უბანი ადაპტირდება, ნაწილში კი, მოეწყობა მარტივი ადაპტაცია. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მსგავსი უბნების ზრდის ტენდენციაა და თელავშიც მისი რაოდენობა მეტია, ვიდრე წინა არჩევნებზე,’’- განაცხადა გიორგი კალმახელიძემ.
ამ კუთხით თელავში არსებულ სიტუციას აფასებს ,,კახეთის რეგიონის ინვალიდთა ინტეგრაციის ცენტრის’’ დირექტორი ლადო ჭინჭარაული. მისი გამნცხადებით, შშმ პირებისთვის საარჩევნო უბნებზე შექმნილი პრობლემები ბოლო რამდენიმე წელია ეტაპობრივად გვარდება. ,,ბოლო არჩევნებზე თელავში იყო ადაპტირებული უბნები და არ ყოფილა პრობლემა. ახლაც ამის იმედი მაქვს. თუ ვინმეს არ უნდა უბანზე მისვლა, მასთან გადასატანი ყუთი მივა და ისე მისცემს ხმას. მეც ეტლით მოსარგებლე ვარ და არასდროს შემქმნია პრობლემა საარჩევნო უბანზე მისვლისას. ადრე იყო პრობლემები, მაგრამ ბოლო პერიოდში შედარებით მოწესრიგდა.’”