რეგიონული მედიის ასოციაციამ თესაუს სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
როგორც knews.ge-ს პროექტის იურისტმა პაატა ცნობილაძემ განუცხადა, შეხვედრის მიზანს არჩევნების შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირება და მათი გააქტიურება წარმოადგენდა, რათა ახალგაზრდებმა უკეთ შეძლონ გაცნობიერებული და დემოკრატიული არჩევანის გაკეთება.
,,პროექტი მიზნად ისახავს საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებას 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდისა და მათი გააქტიურებისთვის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების, აქტივობის ზრდისა და ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობის მიზნით. ვისაუბრეთ საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, ზოგადად პარლამენტის და დეპუტატის უფლებამოსილებებზე, ვის ირჩევენ როგორ და რატომ. ასევე ვისაუბრეთ საარჩევნო მოდელზე და საარჩევნო პრინციპებზე’’,– განუცხადა Knews.ge-ს პაატა ცნობილაძემ.
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტის გიორგი ჩეკურიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც მას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. მისივე თქმით, დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო აგიტაციისას გასცემენ ისეთ დაპირებებს, რაც საბოლოოდ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მათი ფუნქციების აღრევას იწვევს.
,,საინტერესო შეხვედრა იყო, მოვისმინეთ ბევრი სიახლე და დავსვით კითხვები. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა და ასევე საზოგადოებამ იცოდეს დეპუტატობის კანდიდატების უფლებები და მოვალეობები, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს იმას, რომ მათ არ ექნებთ ხალხით მანიპულირების საშუალება და ვერ შეძლებენ ტყუილი დაპირებების გაცემას’’,– აღნიშნა გიორგი ჩეკურიშვილმა.
შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისათვის“ ფარგლებში გაიმართა.
პროექტს აფინანსებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახორციელებს.