სტატიები

რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ იორმუღანლოსა და ყარაჯალაში

იორმუღანლოსა და ყარაჯალას თემში მცხოვრები მოსახლეობა ცენტრალური და შიდასაუბნო გზების მოწყობაზე, სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის, ამბულატორიისა და საძოვრების არ არსებობაზე საუბრობენ, ისინი წლებია ამ პრობლემების მოგვარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

აჯი ასანოვი:

,,სოფელში ბევრი პრობლემა გვაქვს, თუმცა მისი მოგვარება არავის უფიქრია. წლებია გვპირდებიან, გზას გავაკეთებთო, მაგრამ არ დაადგა საშველი. ისეა დაზიანებული გზა, მანქანებითაც ვერ დავდივართ.’’

აჟდარ მუსტაფაევი:

,,ყარაჯალა მდიდარი სოფელია, ხილითა და ბოსტნეულით ჩვენ ვამარაგებთ თელავსა და სხვა მუნიციპალიტეტების ბაზრებს და ერთი ნორმალური გზა არ გვაქვს. გაკეთებულია შემოსასვლელში ერთი ტრასა და დანარჩენი ქვა–ღორღით არის სავსე.  ზაფხულში ისეთი მტვერია,  ფანჯრებსაც ვერ ვხსნით.’’

ბახო სეიდოვი:

,,პრობლემები ყველა სოფელშია, თუმცა ბევრი რამაც გაკეთდა. ხელისუფლება ცდილობს, რამენაირად მოაგვაროს სხვადასხვა საკითხები. ერთ წელში ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია. იმედი მაქვს, ეტაპობრივად მოგვარდება პრობლემები.’’

როიშან ყურბანოვი:

,,სასმელი წყლის პრობლემა გვაწუხებს, სოფელში არ არის ბუნებრივი აირი. ნახევარ სოფელშია შეყვანილი და დაანებეს თავი. წვიმაში კიდევ ფეხით გადაადგილება გვიჭირს ისეთი ამბავია გზებზე.’’

ელდარ მახმედოღლი:

,,არ გვაქვს ნაგვის ურნები. ხალხი ნაგავს პირდაპირ სანიაღვრე არხში ყრის, მერე ივსება და წვიმის დროს წყალს ვეღარ ატარებს, ამის გამო გზაზე წყალი გადმოდის და ისედაც დაზიანებულ გზას აფუჭებს. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს, საარჩევნოდ მაინც თორემ არჩევნების შემდეგ არავის აღარ ვეხსომებით.’’

ეზშასტ მუხტაროვი:

,,ადრე სოფელს უფრო მეტი პრობლემა ჰქონდა და მისი ნაწილი მოგვარებულია. რაც არ უნდა გააკეთო სოფელში პრობლემები მაინც იქნება. ძირითადად, გზის პრობლემაა ყარაჯალაში და ისიც გვპირდებიან რომ მალე გაკეთდება.’’

ნაზი ბაირამოვი:

,,ბუნებრივი აირი გვინდა რომ შემოგვიყვანონ. სოფლის ერთ ნაწილში არის და ჩვენთან არა. გვითხრეს თქვენამდეც მოვიყვანთო მაგრამ არაფერს აკეთებენ. ასე გაანებეს სამუშაოებს თავი და წავიდნენ. ვთხოვთ ყველას ეს პრობლემა მოგვიგვარონ. დაიწყონ მაინც მუშაობა. მარტო ჩვენი ხმები უნდათ არჩევნებზე, ისე არავის ვასხოვართ.’’

ირაყდი გურცოიხატი:

,,პრობლემები სოფელს ბევრი აქვს. წყალი ზოგან მოდის სოფელში,  მაგრამ ჩვენთან არა. ახალი დეპუტატის იმედი გვაქვს, რომ გამარჯვების შემთხვევაში დაგვეხმარება. საძვრები არ გავქს, რომ საქონელი ვაბალახოთ. სხვა საძოვრებზე თუ წაიყვან, ხარჯები უნდა და სად არის მაგდენი საშუალება. სოფელს ექიმი არ ყავს, ბავშვი რომ ავად გამიხდეს სახლშ მანქანა თუ არ გვყვავს, სასწრაფო როდის მოვა, ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა, ქალაქშ ცხოვრება ადვილია. როცა ხმები უნდათ, მოდიან რომელი არჩევნებიც არუნდა იყოს, ჩვენ ხმები საარჩევნოთ ახსოვთ.’’

ელზა აბრამოვა:

,,სოფელში საძოვრებისა და ამბულატორიის პრობლემები გავქს, ძალიან გვიჭირს. ადამინი ცუდად რომ გახდება, სანამ ჩამოვა ამხელა გზაზე სასწარაფო, შეიძლება გარდაიცვალოს. არც საძოვრები გვაქვს, გაყიდულიაო ასე ამბობენ.’’

ელდარ მაჰმედოვი:

,,გზა, წყალი, ნაგვის ბუნკერების არარსებობა, ეს პრობლემები გვაწუხებს. რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ დაჩაგრულები? მოვითხოვთ მოგვხედონ და პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა დაიწყონ თორემ მალე არჩევნებია და ხმას არ მივცემთ.’’