საქართველოს პრეზიდენტი თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. ქვეყნის პირველმა პირმა მოსალოდნელი არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ 8 ოქტომბერი დემოკრატიის გამარჯვება იქნება.
„წელს ჩვენ პირველად გვაქვს განსხვავებული არჩევნები და არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანა დაინგრევა. წელს არის პირველი არჩევნები, როდესაც ამგვარი დაძაბულობა არ არის. არჩევანი უნდა გააკეთოთ არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ აირჩიოთ თქვენთვის მოსაწონი პოლიტიკოსი. შეიძლება არ მოგწონდეს პოლიტიკოსი, მაგრამ არ შეიძლება არ მოგწონდეს შენი ქვეყანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მთელი საქართველო მართლაც წავა არჩევნებზე, დადგება რიგები საარჩევნო უბნებთან, ეს ჩვენ მოგვცემს პარლამენტს, რომელშიც არ იქნება მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა, რომლებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა გაუხდიათ მთავარ საკითხად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეხვედრა კითხა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა დაათვალიერა თესაუს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომელიც უნივერსიტეტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით აღიჭურვა.