სტატიები

თელავში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების გზებზე იმსჯელეს

შეხვედრას თელავის, აჭარისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, საუბარი საზოგადოების მოწყვლადი მოსახლეობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებსა და საუკეთესო პრაქტიკას შეეხო. 

„ბრიჯ – ინოვაცია და განვითარების“ პროგრამების მენეჯერის ნინო ჯანაშიას თქმით, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კურდღელაური შეირჩა, სადაც ბუნებრივი კატასტროფების კუთხით განსაკუთრებული რისკებია. ჯანაშიასვე განცხადებით, სამომავლოდ, ამ მიმართულებით სოფელ კურდღელაურში სხვადასხვა სახის აქტივობები განხორციელდება.

,,ბუნებრივი კატასტროფების შემცირების პროექტს ვანხორციელებთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში – ქედაში, ხულოში, შუახევში, თელავში, თიანეთსა და დუშეთში. თელავში შევარჩიეთ სოფელი კურდღელაური, სადაც განსაკუთრებული რისკებია ბუნებრივი კატასტროფების კუთხით. შერჩევისთვის ვიყენებთ სპეციფიურ კრიტერიუმებს, ოქსფამის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას. შეფასების ეს კრიტერიუმები საშუალებას გვაძლევს, შევარჩიოთ ყველაზე მოწყვლადი ადგილი, სადაც საჭიროა ჩვენი მხარდაჭერა ბუნებრივი კატასტროფების შემცირების კუთხით. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობების წარმოამდგენლებთან, გვაქვს მოსახლეობის აქტიური ჩართულობის იმედი, რადგან პროექტის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანია მათი აქტივობა’’,–განუცხადა knews.ge-ს ნინო ჯანაშიამ.

,,ოქსფამის” აღმასრულებელი დირექტორის მარკ გოლდრინგი knews.ge-სთან აცხადებს, რომ ორგანიზაცია აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით სხვადასხვა პროგრამებს ფინანსურად უზრუნველყოფს.

,,სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისაგან საუკეთესო მაგალითებს გავიზიარებთ თუ როგორ შეიძლება ბუნებრივი კატასტროფების რისკების წინააღმდეგ ბრძოლა. ,,ოქსფამი” რამდენიმე წელია საქმიანობს აჭარაში და ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს კატასტროფების რისკების წინააღმდეგ ბრძოლაში, კლიმატური ცვლილებების ადაპტაციაში და მსგავსი ტიპის საქმიანობაში. ,,ოქსფამი” მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ებრძვის კატასტროფების რისკებს. ამ შეხვედრაზეც რეგიონების წარმომადგენლებმა რისკებთან ბრძოლის მეთოდები გაუზიარეს ერთმანეთს,’’– განაცხადა მარკ გოლდრინგმა.

ღონისძიება პროექტის „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის კატასტროფებისადმი მზადყოფნის ოფისის მიერ. აღნიშნული პროექტი ეხება ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის საკითხებს, როგორიცაა ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მომზადება ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილების, ბუნებრივი კატასტროფების შედეგების გამკლავებისა და აღმოფხვრის კუთხით. პროგრამა აგებულია ისეთ მთავარ კომპონენტებზე, როგორიცაა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კავშირების დამყარება და განვითარება, თანამშრომლობა, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, გადაუდებელი სიტუაციების მართვის, აღნიშნული მოვლენების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების აღმოფხვრის შესახებ.