ახალი ამბები

“მუნიციპალიტეტები წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ რესურსს ირიბად იყენებენ”

როგორც knews.ge-ს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თელავის ოფისის ხელმძღვანელმა ზურა მირზიკაშვილმა განუცხადა, ერთი მხრივ პოზიტიური ფაქტია, რომ თვითმმართველმა ერთეულებმა მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაცია დაიწყეს, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი გააქტიურება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აღიქმება. 

“განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, შეიძლება აღქმული იქნას, როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე პირდაპირი გავლენის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში არ არის მოწოდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ცხადია, რომ რომ მუნიციპალიტეტები წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ რესურსს ირიბად იყენებენ. მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მსგავსი სერვისის გამოყენება მხოლოდ ახლა დაიწყეს. კითხვის ნიშნებს იწვევს თავად ამ შეტყობინების მიმღებთა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობაც: მუნიციპალიტეტებს არ განუმარტავთ, რა წყაროებით მოიპოვეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული პირების პირადი სატელეფონო ნომრები”, – განუცხადა knews.ge-ს ზურა მირზიკაშვილმა.