ახალი ამბები

TI – პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირებისგან

როგორც knews.ge-ს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თელავის ოფისის ხელმძღვანელმა ზურა მირზიკაშვილმა განუცხადა, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვება ცხადყოფს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო შეხვედრებზე ოპონენტი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ დესტრუქციული ქმედებები, ასევე, საარჩევნო შტაბებისა და სააგიტაციო მასალების განზრახ დაზიანების ფაქტები. მირზიკაშვილის შეფასებით, ეს ქმედებები პარტიულ აქტივისტებს შორის ამძაფრებს დაპირისპირებას, ზრდის ძალადობის რისკებს და უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე.

“პოლიტიკურ პარტიებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში აუხსნან ამომრჩევლებს მათ მიერ შეთავაზებული პროგრამები და პრობლემის მოგვარების გზები, რაც მოსახლეობას ცალსახად უშლის ხელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ძალადობა და პოლიტიკურ პარტიების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მშვიდი და ჯანსაღი საარჩევნო გარემოსთვის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია და მიგვაჩნია, რომ მის უზრუნველსაყოფად როგორც ხელისუფლებამ, ისე საარჩევნო სუბიექტებმა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მკაცრი პოლიტიკური შეფასება მისცენ და საჯაროდ დაგმონ მათი მხარდამჭერების პროვოკაციული ქმედებები. პარტიებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რითაც აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თავიანთ რიგებში არ დაუშვან, არ წაახალისონ და გაემიჯნონ ისეთ ქმედებებს, რაც დაპირსპირების და ძალადობის საფრთხეებს აჩენს”-განუცხადა knews.ge-ს ზურა მირზიკაშვილმა