იორმუღანლოს თემში საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ
როგორც knews.ge–ს ადგილობრივებმა განუცხადეს, სოფლის პრობლემატური საკითხი, რომელიც დროულად უნდა მოგვარდეს, საძოვრების არარსებობაა. მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას საგარეჯოს მომავალ მაჟორიტარ დეპუტატს სთხოვს. მათი განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობისგან დახმარებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.
,,საძოვრები აღარ გვაქვს, საქონელი სად წავიყვანოთ? დეპუტატები არ ზრუნავენ ჩვენზე, არც მოსულან შესახვედრად. დიდი ხანია ამ პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, მაგრამ არც გამგეობას ესმის ჩვენი”, – განუცხადა ,,knews.ge”–ს სოფელ იორმუღანლოს მკვიდრმა სამან ჯალილოვმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, იმის გამო, რომ მათ საკუთრებაში არსებული საძოვრები ირანელებზე გაიყიდა, სოფელში პრობლემები მომრავლდა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობით ირჩენს თავს.
,,პირუტყვი გამოსაკვებად დაგვყვავს სხვა სოფლის საძოვრებზე, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებისა და მომავალი დეპუტატისგან ვითხოვთ. მოდიან, რომ ხმა მივცეთ წინასაარჩევნოთ და შემდეგ ყველას ვავიწყდებით. ეს პრობლემა ჩვენი თემისთვის ძალიან მნიშნელოვანია”,– განაცხადა აიდინ ისაევმა.