1. გაუცნობიერებელი არჩევანი
ადგილობრივების განცხადებით, იმის გამო, რომ ქართულად წერა–კითხვა არ იციან, ქართულ ენაზე დაბეჭდილი სააგიტაციო მასალებისა და პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გაცნობის საშუალება არ აქვთ. იორმუღანლოელების ინფორმაციით, მომავალი დეპუტატის იმედი არ აქვთ, რადგან კანდიდატებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ხედავენ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი მათთან შესახვედრად აღარავინ მოდის.
,,როდის რა არჩევნები მოდის როგორ დავიმახსოვრებ. არჩევნებზე ხალხი დადის ვინც სოფელში ცხოვრობს და თუ ქართული არ იციან, ხან ნათესავი დაეხმარება, ხან სხვა არჩევანის გაკეთებაში“, – განაცხადა ასანა აბდულაევმა.
იორმუღანლოს თემში დეპუტატობის კანდიდატების ვინაობის შესახებაც არ აქვთ ინფორმაცია. მათი განმარტებით, რომელმა პარტიამ წარადგინა დეპუტატობის კანდიდატი და აქვს თუ არა ოფისი აღნიშნულ პარტიას ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში არ იციან. მათივე თქმით, მხოლოდ იმ პარტიების წარმომადგენლებს იცნობენ, რომელთა სააგიტაციო პლაკატებიც სოფელშია გაკრული.
,,ოჯახში ვამბობთ ვინ არის კარგი ადამიანი და სახლში ჩვენ ერთად ვწყვეტთ ვის მივცეთ ხმა. შინაური ქალი სხვას ვერ მისცემს ხმას, რადგან ერთ ოჯახში ვცხოვრობთ, ამიტომ ყველა წევრს ერთი აზრი გვაქვს“, – განმარტავს თარნი მამედოვი.
საგარეჯოს საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი სხვა სოფლების მსგავსად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებშიც აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას და საარჩევნო პროგრამებსაც აცნობენ.
,,ჩემი ძირითადი დაპირებაა კონკრეტული პრობლემა, რომელიც გვაწუხებს. ეს არის აზერბაიჯანელი ხალხისა და ქართველების ინტეგრაცია. მაქვს ბევრი სხვა გეგმაც, უნდა ვენდოთ ერთმანეთს, რომ ყველამ ერთად ავაშენოთ კარგი ქვეყანა“, – განაცხადა კაზამფარ მამედოვმა, საგარეჯოს დამოუკიდებელი დეპტატობის კანდიდატმა.
ეთნიკურ თემში საარჩევნო შტაბი ამ დროისთვის პარტია ქართულ ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პატრიოტთა ალიანსსა და დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატს აქვთ გახსნილი, თუმცა ოფისების ურავლესობა დაკეტილია.
სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.