საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ საარჩევნო საკითხებზე საგანმანათლებლო კამპანია დაიწყო
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული მედია საშუალებების მიერ საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებას 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდისა და მათი გააქტიურებისთვის, რათა მათ შეძლონ გააზრებული, დემოკრატიული არჩევანის გაკეთება და შემდგომ პროცესებში მონაწილეობა.
საინფორმაციო შეხვედრას საგარეჯოს მუნიციპალიეტეტის სოფელ იორმუღანლოში „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ, ორგანიზაციის წარმომადგენლის, თამარ კიკაბიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ აქტივობაში, რაც საარჩევნო საკითხებზე მათ ინფორმირებას შეუწყობს ხელს.
,,ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იმ ახალგაზრდებმა, რომლებმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველად უნდა მისცენ ხმა. სწავლების ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრაზე აზერბაიჯანულენოვანი ლიფლეტები გაავრცელა, რომელიც კენჭისყრის პროცედურებს ეხებოდა.’’,– განუცხადა Knews.ge-ს თამარ კიკაბიძემ.
პროექტის კოორდინატორის, მაია მამულაშვილის თქმით, საინფორმაციო შეხვედრები თელავსა და პანკისის ხეობაშიც გაიმართება. მისივე თქმით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების, აქტივობის ზრდისა და ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობის მიზნით, მოხდება ამომრჩევლების ინფორმირება სხვადასხვა მნიშვნელვან საკითხებზე.
,,პროექტის კონკრეტული ამოცანებია მოახდინოს არჩევნების პოპულარიზაცია მრავალფეროვანი საინფორმაციო კამპანიის წარმართვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში საარჩევნო თემაზე გავმართეთ ქუჩის აქცია დევიზით „მოდი არჩევნებზე 8 ოქტომბერს!“. მოსახლეობას დაურიგეთ საინფორმაციო ბეჭდური მასალა, სპეციალურად საპარლამენტო არჩევნების თემაზე მომზადებული საგაზეთო ჩანართი ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე’’,– განაცხადა მაია მამულაშვილმა.
იორმუღანლოში მცხოვრები ახალგაზრდების თქმით, საინფორმაციო აქციის და იმიტირებული საარჩევნო პროცესის დახმარებით მათ საარჩევნო საკითხებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. მათი თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
,,მე ამ წელს პირველად მექნება საშუალება მივიღო მონაწილეობა არჩევნებში და სასურველ კანდიდატს მივცე ხმა. საინფორმაციო აქცია მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან მივიღეთ ბევრი ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც არ ვიცოდი. ასევე მონაწილეობა მივიღე იმიტირებულ არჩევნებში რაც ძალიან სახალისო და საინტერესო იყო’’,– განაცხადა იორმუღანლოს თემში მცხოვრებმა ელვინ ქარიმოვმა.
პროექტი დაფინანსებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ, რომელსაც „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ ანხორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ.