ლაგოდეხში სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ
ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა სოფელ აფენში, ჭაბუკიანსა და გვიმრიანში ათობით ოჯახი მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად, 30–მდე საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახდილი აქვს სახურავი, მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები. ერთი ხე აფენის საჯარო სკოლის შენობის ნაწილს დაეცა, რამაც სახურავი დააზიანა.
“ისეთი ძლიერი ქარიშხალი იყო, რომ მარტო ჩვენს სოფელში 15-მდე სახლს სახურავი გადახადა. ასეთი მდგომარეობაა მეზობელ სოფლებშიც”, – აცხადებს სოფელ აფენის მცხოვრები ნიკოლოზ ჯაჯანიძე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას განცხადებით, უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც რაიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დღეს დილიდან დაითვლის.
,,ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მოხდება ზუსტი აღწერა, კონკრეტულად რა ოდენობის ზარალი მიადგა თითოეულ ოჯახს. ამის შემდეგ გადაწყდება, რა სახის დახმარებას მიიღებს დაზარალებული მოსახლეობა მთავრობისაგან”, – განაცხადა კახა ჯამბურიამ.