სტატიები

სოფელ ნინიგორში ფერმერებს მარცვლეული კულტურების მოყვანის ახალი ტექნოლოგიები გააცნეს

სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ და კომპანია ,,კარტლისის „ თანამონაწილეობით ფერმერ დავით ნარელაშვილის სასოფლო–სამეურნეო მიწაზე მომზადდა, ფერმერებმა დაათვალიერეს და სიმინდის ახალი, მაღალმოსავლიანი ჰიბრიდული ჯიშის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. კომპანიის წარმომადგენლები ლაგოდეხელ ფერმერებს მარცვლეული კულტურების მოყვანის იმ ახალ ტექნოლოგიებზე ესაუბრნენ, რომელიც მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ მოგებას მოუტანთ.

ნინიგორში არსებულ სადემონტრაციო ნაკვეთში, რომელიც 1 ჰ მიწის ფართობს მოიცავს, ახალი ჰიბრიდული ჯიშის (pioneer p-15/70) სიმინდი მაისის დასაწყისში დაითესა, რომლის სავარაუდო მოსავლიანობა 8–9 ტონა იქნება. პროექტის ინიციატორის, თანადამფინასებელი კომპანიის პროექტის ,, MOLI კახეთში“  მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, ნესტან მერმანიშვილის თქმით, აღნიშნული სადემონსტრაციო ნაკვეთების მომზადების და სადემონსტრაციო დღეების ჩატარების მიზანია ფერმერების ინფორმირება მარცვლეული კულტურების სწორად მოყვანასთან დაკავშირებით.

,,პროექტი ,,MOLI კახეთში“ მიმართულია მესაქონლეობის განვითარებაზე, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის მთავრობის მიერ. სადემონსტრაციო ნაკვეთებით ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ფერმერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მარცვლეულის სწორად მოვლა და გვინდა, რომ მივცეთ მაგალითი სხვებსაც ამგვარი მეთოდით დათესონ და მიიღონ ისეთი მოსავალი რომელიც ლაგოდეხის სადემონსტრაციო ნაკვეთშია. ნაკვეთის მოწყობაში დაგვეხმარა კომპანია ,,კარტლისი“ რომელსაც მარცვლეული და მისი მოვლის საშუალებები ეკუთვნის, მიწის დამუშავებასა და ტექნიკურ ოპერაციებში კი მონაწილეობა მიიღო შპს ,,მექანიზატორმა’’. მსგავსი ტიპის ტექნიოლოგიების გამოყენებით გვინდა ვაჩვენოთ ფერმერებს, რომ წესების სწორად დაცვა და საკვები საშუალებების თუ სხვადასხვა სასუქების განსაზღვრული დოზით გამოყენება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიიღონ მეტი მოსავალი’’,– განაცხადა ნესტან მერმანიშვილმა.

კომპანია ,,კარტლისის“ სათესლე მასალების გაყიდვების მენეჯერის, ზაზა ქერელაშვილის თქმით, სათესლე მასალა, რომელიც მათი დახმარებით სადემონსტრაციო ნაკვეთში დაითესა ამერიკიდან არის შემოტანილი. აღნიშნული ჯიშის სიმინდი უხვმოსავლიანობით გამოირჩევა და ფერმერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

,,კომპანია ,,კარტლის’’ 2007 წლიდან თანამშრომლობს ამერიკულ კომპანია ,,პიონერთან“, რომლის სიმინდის ჰიბრიდებიც შემოგვაქვს საქართველოში. სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობით გვინდა ვაჩვენოთ ფერმერებს ის უკეთესი პროდუქტი, რომელიც მათ მოგებაზე გაიყვანს. ეს სიმინდის ჯიშია ახალი ჰიბრიდი (pioneer p-15/70) რომელიც მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. მისი პოტენციალია ჰექტარზე 16–17 ტონა მოსავლის მიღება ოპტიმალური მოვლის და ახალი ტექნოლოგიის პირობებში, რასაც დიდი ინვესტიცია და სწორი მართვა სჭირდება. სწორედ ამ სიმინდის ახალი ჯიში და მისი მოყვანის ტექნოლოგიები გავაცანით მოწვეულ ფერმერებს, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს აღნიშნული ჰიბრიდის შესაძლებლობები. იმედს ვიქონიებთ, რომ კიდევ გავაგრძელებთ ასეთ პროექტებს და მომავალშიც დავეხმარებით ფერმერებს კარგი მოსავლის მიღებაში.’’

ლაგოდეხში მცხოვრები ფერმერების თქმით, მსგავსი ტექნოლოგიებით მარცვლეული კულტურების მოყვანა და უხვმოსავლიანი სათესლე მასალის მოხმარება შემოსავლების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია. ფერმერ დავით ნარეშელაშვილის თქმით, ფერმერებს დღეს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, რომლებმაც თეორიულად არ იციან ის აგროვადები, რაც საჭიროა ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად.  

,,სადემონსტრაციო ნაკვეთში დათესილი სიმინდის ტარო ადგილობრივი ჯიშის სხვა სიმინდებთან შედარებით არის საკმაოდ დიდი და მსხვილმარცვლიანი. ფერმერმა გარდა კარგი სათესლე მასალის შეძენისა, იმისთვის, რომ მიიღოს მეტი მოსავალი აუცილებლად ახალი ტექნოლოგიები უნდა დანერგოს. თვითოეულმა ფერმერმა აგროვადები კარგად უნდა იცოდეს და დაიცვას. ასევე მნიშვნელოვანია სასუქის რაოდენობის განსაზღვრაც. მე ამ ახალი ჯიშის სიმინდის დათესვისა და მოვლის დროს კომპანია ,,კარტლისის“ და ,,მოლის“ აგრონომებთან მქონდა კავშირი, ვეკითხებოდი რაც მაინტერესებდა და ისინი მეხმარებოდნენ. ფერმერებს რომლებიც ისევ აპირებენ ძველი მეთოდით მოსავლის მოყვანას ვეტყოდი, რომ ამ რაოდენობის მოსავალს რასაც მე მივიღებ ისინი ვერასდროს ვერ მიიღებენ, თუ არ გამოიყენებენ სათესლედ ამ ჯიშის სიმინდს და თუ არ მოისმენენ იმ რეკომენდაციებს რასაც გაუწევენ პროფესიონალი აგრონომები’’,– განაცხადა დავით ნარელაშვილმა.