ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ გურჯაანის ოფისში ბურჭულაძის პარტიის ბრალდებები უარყვეს

,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხაზიურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას  პარტია „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბი გამოეხმაურა.

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ელგუჯა ქათამაძე knews.ge-სთან განმარტავს, რომ ინფორმაცია, რომელიც  პაატა ბურჭულაძის პარტიის გურჯაანის ოფისში დღეს გავრცელდა, სიმართლეს არ შეეფერება.

,,ეს არის პროვოკაციული განცხადება დაშლილი პარტიის რიგებიდან და საკუთარ ხელმძღვანელობასთან ქულების ჩაწერისა და თავის მართლების გამო სიცრუეს არ თაკილობენ. იმის მაგივრად, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოონ და მოსახლეობას საკუთარი პროგრამა გააცნონ, დაკავებულები არიან სიცრუის ტირაჟირებით. ჩვენ მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიას შეისწავლოს ყველა ასეთი განცხადება და შესაბამისი რეაგირბა მოახდინოს,“– განმარტავს ელგუჯა ქათამაძე.

 შეგახსენებთ, რომ დღეს, მოძრაობა ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხაზიურმა პარტიის ოფისში მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიორგი ხაზიურმა ისაუბრა წინასაარჩევნო ზეწოლის ფატებზე. გარდა ამისა, ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ,,ქართული ოცნების” გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატიის დავით სონღულაშვილის მხრიდან ადგილი ქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტსაც.