კახეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს 263 წევრიდან ქალი მხოლოდ 24-ია
როგორც knews.ge-ს ორგანიზაციის კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა ზურაბ მირზიკაშვილმა განუცხადა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად 9 მუნიციპალიტეტის საკრებულოში 263 მანდატიდან ქალებმა მხოლოდ 24 მოიპოვეს. მისი შეფასებით, ეს საგანგაშო მაჩვენებელია, რადგან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიღების პროცესის მიღმა არიან.
,,ჩვენმა ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კახეთში ქალები არ არიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და არჩევით თანამდებობებზე კახეთში. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, 9 მუნიციპალიტეტში საკრებულოში 263 წევრიდან ქალი მხოლოდ 24-ია, რაც საერთო რაოდენობის 9.1%-ია; აქედან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თვითმმართველ ქალაქ თელავშია, სადაც საკრებულოს არცერთი წევრი ქალი არ არის, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც საკრებულოს 29 წევრიდან 7 ქალია. კახეთში არცერთი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქალი არაა. ასევე დადგინდა, რომ კახეთის 9 თვითმმართველ ერთეულში ქალების უმრავლესობას არ უკავია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი თანამდებობები. ისინი ძირითადად დაკავებულნი არიან საქმის წარმოებისა და სხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე’’, – აღნიშნა ზურა მირზიკაშვილმა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“გამართა. შეხვედრაზე, რომელიც თელავის დემოკრატიული ჩართულობის ინიციატივით და მხარდაჭერით ჩატარდა ასევე, იმსჯლეს პოლიტიკაში ქალთა გააქტიურებაზე, ამ კუთით არსებულ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის, მაია ფურცხვანიძის თქმით, დისკუსიის მიზანს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების გააქტიურების მხარდაჭერა წარმოადგენდა.
,,მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა პოლიტიკაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საიდან იწყება ეს პრობლემები, რა პრობლემებია, რა უშლის ქალს ხელს გააქტიურებაში, და სხვა. ვფიქრობ, ამ საკითხებისთვის საზოგადოება გახსნილია, მათაც აწუხებთ ეს პრობლემები და ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოპგვარდეს ამ კუთხით წარმოქმნილი პრობლემები’’, – განუცხადა knews.ge-ს მაია ფურცხვანიძემ.