გურჯაანი ტურიზმისა და აგროტექნოლოგიური ცენტრი გახდება
დავით სონღულაშვილმა ამომრჩეველს სიმბოლურად საკუთარი ვენახიდან მიმართა და ისაუბრა იმ ხედვებზე, რის განხორიცელებასაც გამარჯვების შემთხვევში აპირებს. სონღულაშვილის განცხადებით, გურჯაანში მევენახეობის განვითარებისთვის აუცილებელია საოჯახო მარნების შექმნა და სოფლის მეოურნეობის ამ დარგის ბიზნესად ქცევა.
,,გურჯაანს ღვინის ტურიზმის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია, იმიტომ რომ ადგილწარმოშობის 18 სერტიფიკატიდან 6 არის გურჯაანში. შესაბამისად, ეს მუნიციპალიტეტი ღვინის ტურიზმის განსავითარებლად იდეალური ადგილია. ალბათ ყველაზე სწორი მოდელი იქნება ის, რომელიც არის განვითარებული და დანერგილი საფრანგეთსა და იტალიაში, საოჯახო მარნების მიმართულებით. ჩემი აზრით, საოჯახო მარნების განვითარება გადაწყვეტს როგორც ყურძნის ფასის, ჩაბარება–დაბინავების პრობლემას, ასევე ხელს შეუწყობს მეღვინეობის ტურიზმის განვითარებას. აქ მარანი, სადაც შეიძლება სტუმრები და ტურისტები წაიყვანო, ძალიან ცოტაა, სულ რამდენიმეა. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ უნდა გაყიდოს მევენახემ თავისი ღვინო, როდესაც უკვე საკუთარი ბრენდით და სახელით დაიწყებს წარმოებას და ღვინო წლების მიხედვით დახარისხდება. ჩემი აზრით, ის ტურისტული ნაკადი, რომელიც შეიძლება მოვმართოთ გურჯაანისკენ, სრულად შეძლებს აითვისოს ღვინის ის რაოდენობა, რაც წარმოებაში იქნება. ჩემი აზრით, ყველაზე სწორი მიმართულება ის იქნება, რომ მევენახეობა ვაქციოთ ბიზნესად და ის შრომა, რომელიც ვენახის მოვლას სჭირდება, იყოს დაფასებული’’, – განუცხადა knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა.
დეპუტატობის კანდიდატთან ერთად რთველში მონაწილეობა მიიღო და მოსახლეობას დავით სონღულაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა საპატიო გურჯაანელმა, მსახიობმა ბესო ბერულაშვილმა. იგი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს და გურჯაანს ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში.
,,მე ვარ კახელი, გურჯაანელი და ვიცი, რომ აქ მაცხოვრებლებისთვის ვენახი სავიზიტო ბარათია. ამით საზრდოობს ქართველი გლეხი. ჩემს მეგობარს დავით სონღულაშვილს მევენახეობის განვითარების კარგი ხედვა აქვს. ამასთანავე ის არის ძალიან კარგი ადამიანი. ხშირად ბევრ საკითხზე ვსაუბრობთ და ვიცი მისი ხედვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მისი ენერგია გურჯაანს ჰაერივით სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ დავითი თავისი მუშაობით ხელს შეუწყობს იმას, რომ გურჯაანი ისევ მოწინავე მუნიციპალიტეტი გახდეს, ისეთი როგორიც ადრე იყო’’, – აღნიშნა ბესო ბერულაშვილმა.