დეპუტატობის კადიდატების მთავარი გზავნილები ახმეტელებსა და თელაველებს
გასულ კვირას, საქართველოს პრემიერჶმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტელებს მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარლამენტის მოქმედი წევრი, გელა სამხარაული წაუდგინა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო მუშაობაში სამხარაულის გამოცდილებას.
დეპუტატობის კანდიდატი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აგრარულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა ისევ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება. თელავსა და ახმეტაში ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება სამხარაულის მთავარი გზავნილების ნუსხაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ორ რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პირობასაც იძლევა.
„ვიწყებთ ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის გაკეთებას. დართლოს აღდგენითი სამუშაოებისა და საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია-განახლებისთვის 7 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯება; გამოცხადდა ტენდერი დართლოჶჩიღოს საავტომობილო გზის მშენებლობაზე; 5 მილიონ ლარზე მეტი პანკისის ხეობის გაზიფიცირების სამუშაოებს მოხმარდება. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ართანასა და ყარაჯალაში კი, დასრულდება გაზგაყვანილობის სამუშაოები; 456.49 ათასი ლარი დაიხარჯება ყველა საბავშვო ბაღში სარემონტოჶსარეაბილიტაციო სამუშაოებზე და სხვა. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი, რასაც ჩვენ ვგეგმავთ თელავსა და ახმეტაში“, – აცხადებს გელა სამხარაული.
საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახმეტისა და თელავის ოლქში შაქრო ტერტერაშვილი წარადგინა. ტერტერაშვილი ორი რაიონის მცხოვრებლებს არაკომერციული მიზნებისთვის სამშენებლო მასალების მოპოვებას უსასყიდლოდ ჰპირდება. დეპუტატობის კანდიდატი ახმეტელებს აკვაპარკისა და სპორტული მოედნების მოწყობის გარანტიასაც აძლევს.
„განისაზღვრება კარიერები, საიდანაც სამშენებლო მასალების მოპოვება არაკომერციული მიზნებისთვის უსასყიდლო იქნება. ამასთან ერთად, მდინარეების კალაპოტების იმ ადგილებში, სადაც გაწმენდითი სამუშაოების აუცილებლობა არსებობს, სამშენებლო მასალების მოპოვება იქნება უფასო,როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. მათ შორის, სამეწარმეო მიზნებისთვის. აღვადგენთ სკვერებს და პარკებს. მოვაწყობთ სპორტულ მოედნებს და სტადიონებს. ახმეტაში მოვაწყობთ აკვაპარკს. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე მოვაწყობთ მზის ენერგიის თანამედროვე სისტემის გამათბობლებს, მოვაწესრიგებთ სასაფლაოსთან და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელ გზებს, საგზაო ინფრასტრუქტურას. გავაუმჯობესებთ სასმელი და სარწყავი წყლის ქსელების მდგომარეობას, დავასრულებთ ყველა დასახლებული პუნქტის გაზიფიკაციას. ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება ყველა სოფელი”, – ამბობს ტერტერაშვილი.
„რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ქინქლაძის მთავარი აქცენტები კი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვაა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტის ტრიბუნიდან სწორედ ამ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. ქინქლაძე, ასევე, გამოდის ახმეტის მუნიციპალიტეტიდან თუშეთის გამოყოფისა და ცალკე თვითმმართველი ერთეულის შექმნის ინიციატივით.
„სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „რესპუბლიკური პარტია“ ერთერთია თუ არა ერთადერთი, რომლის ფუნდამენტური ღირებულებებია ეთნიკური და რელიგიური უცირესობების აღიარება და დაცვა. ვფიქრობ, რომ შეუძლებელია იყო თავისუფალი სახელმწიფო, თუ სხვა ადამიანებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შეუზღუდავ თავისუფლებას. ასეა ეკონომიკური თვალსაზრისითაც, შეუძლებელია ბიზნესის განვითარება ჩაკეტილ საზღვრებში. შეიძლება იმავე კონტექსტში განვიხილოთ თუშების მიერ შემოთავაზებული იდეა, რომ მათ ცალკე მუნიციპალიტეტი შექმნან. ვფიქრობ, რომ ეს იდეა ღირს განსახილველად. მათ აქვთ პოტენციალი, შექმნან ეკონომიკურად თვითკმარი თვითმმართველობა“, – ამბობს ლევან ქინქლაძე.
„თავისუფალი დემოკრატებიდან“ ახმეტა-თელავის მაჟორიტარობის პრეტენდენტი ოთარ კვირიკაშვილი თუშეთის ახმეტიდან გამოყოფის ინიციატივას მხარს უჭერს. ის ფიქრობს, რომ ეს ცვლილება მთელ ქვეყანას სარგებელს მოუტანს. დეპუტატის მანდატის მოპოვების შემთხვევაში, მისი მთავარი მიზანი ახმეტის ევროპული ტიპის ქალაქად გადაქცევა იქნება.
„ახმეტას აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს თანამედროვე ევროპული ტიპის ქალაქი. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს ქალაქს შევთავაზებ იმ გუნდს, ვისაც რეალურად ხელეწიფება ასეთი ტიპის ქალაქის შენება. ჩვენ არ უნდა შევუშინდეთ სიახლეებს და იმ რეფორმებს, რაც შეიძლება მრავალი სიკეთის მომტანი გახდეს. მაგალითად: თუშებს აქვთ ძალიან საინტერესო ინიციატივა, ახმეტიდან გამოყოფის და ცალკე მუნიციპალიტეტის შექმნასთან დაკავშირებით. მე მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ, რადგან ეს იქნება ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი არამარტო ერთი კონკრეტული კუთხისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს კვირიკაშვილი.
ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობისა და მაჟორიტარი დეპუტატების კომპრტენციების აღრევაზე ამახვილებენ ყურდღებას. ექსპერტი საარჩევნო საკითხებში კოტე კანდელაკი აღნიშნავს, რომ დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას ჰპირდებიან ისეთი პრობლემების მოგვარებას, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციაა. კანდელაკი მიიჩნევს, რომ დეპუტატისა და თვითმმართველი ერთეულის ფუნქციები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს.
„პარლამენტის ფუნქციებიდან გამომდინარე, შესაძლოა რეგიონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერაზე ჰქონდეთ კონკრეტული აქცენტები, ოღონთ ეს უნდა გაკეთდეს საბიუჯეტო სახსრებიდან. პარკებისა და სკვერების მოწყობა, რასაც ხშირად ჰპირდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, არის ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია. კონკრეტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დეპუტატობის კანდიდატს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია და ეს საკითხები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს. ამ შემთხვევაში, დეპუტატს შეუძლია დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფით“, – აცხადებს კოტე კანდელაკი.
„პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანებიდან“ ახმეტისა და თელავის ოლქში კენჭს იყრის ზურაბ ნაცარაშვილი. ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, ვერ შევძელით მისი საარჩევნო პროგრამის მოპოვება. ნაცარაშვილმა ჩვენთან საუბრისთვისაც ვერ მოიცალა. თელავისა და ახმეტის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს ზუსტად 29 დღე რჩებათ გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.