“ეს არჩევნები არის ბრძოლა პრემიებზე დაგეშილ ჩინოვნიკებსა და თელავის მოსახლეობას შორის”
დეპუტატობის კანდიდატის თქმით, თელაველები დაიღალნენ “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობით და ,,ქართული ოცნების” ოთხწლიანი უმოქმედობით.
,,ის, რაც ქართველ ხალხს გვინდოდა, არცერთ მმართველ ძალას არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვთავაზობთ მათ რეალურ ძალას ,,ეროვნული ფორუმის” სახით, რომელიც გადაწყვეტს კონკრეტული პროგრამული შეთავაზებებით იმ პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა”,– განუცხადა Knews.ge-ს გელა გელაშვილმა.
პარტია ,,ეროვნულმა ფორუმმა” თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გელაშვილი დღეს ოფიციალურად წარადგინა. კანდიდატის წარდგენამდე მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს. ,,ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის თქმით, გელა გელაშვილი არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც თელავში გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
,,თელაველებს ოფიციალურად წარმუდგინეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც არის ხვალინდელი ქართული პოლიტიკის ღირსეული წევრი. დიდი იმედი გვაქვს, რომ გაიმარჯვებს არჩევნებში. შეხვედრაზე მოვიდა ბევრი ხალხი, რომელიც იმედს გვაძლევს იმისას, რომ თელავში ,,ეროვნულ ფორუმს” ექნება გადამწყვეტი წარმატება’‘, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.