მიწის რეგისტრაციისას აზომვითი სამუშაოები უფასო გახდა
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიას განცხადებით, ბრძანების მიხედვით პროექტი პირველივე ეტაპზე მთელ საქართველოს მოიცავს.
,,საუბარია კონკრეტულად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. პროცედურა შემდეგია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე, რომელსაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის შესაბამისი დოკუმენტი გააჩნია და დაინტერესებულია, ამზომველს მიმართავს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციის მიზნით წარადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას, მათ შორის აზომვითი ნახაზების მომზადების დამადასტურებელ დოკუმენტაციას: ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას; შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს; გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს და ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამზომველს სახელმწიფო აუნაზღაურებს, ანუ მოქალაქე არცერთ თეთრს არ იხდის იმ შემთხვევაში, თუ ეს ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სახსრებს ექვემდებარება. სახელმწიფო ჰექტარ ნახევრამდე 80 ლარის ფარგლებში აანაზღაურებს, ხოლო 5 ჰექტრამდე 100 ლარის ფარგლებში”, – განაცხადა შენგელიამ.
მისივე ინფორმაციით, დაურეგისტრირებელი მონაცემები თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით იხვეწება. ის, რომელსაც მიწა რეგისტრირებული აქვს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, რა თქმა უნდა, ვალდებული არ არის, ხელახლა ჩაატაროს პროცედურა.