სოფელ ნუკრიანში დასასვენებელი სკვერიდან ნაგვის გატანას ითხოვენ
როგორც knews.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ზაფხულში სოფელში ბევრი სტუმარია და საღამოს განტვირთვისთვის ყველა სკვერში იყრის თავს.
სათემო კავშირი ,,ნუკრიანის” ხელმძღვანელი მაია ბიძინაშვილი განმარტავს, რომ სკვერი, რომელიც ორგანიზაციის შენობის წინ არის მოწყობილი, არ სუფთავდება.
,,ჩვენი ორგანიზაციის წინ არის სკვერი და გვაწუხებს აქ დაგროვილი ნაგავი. ბუნკერები არის, მაგრამ რომ გადაივსება, მერე ამას აღარ ცლიან. ბევრჯერ დავასუფთავეთ, მაგრამ შეგროვილი ნაგვის გატანაც პრობლემაა. ბუნკერები არ იცლება”,- აცხადებს მაია ბიძინაშვილი.
ქეთი მოლაშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ სკვერში ანტისანიტარიაა და ეს პრობლემა ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ
მოსახლეობას მუდმივად აწუხებს.
,,სოფელ ნუკრიანში ყოველ შაბათს დადის ნაგვის მანქანა, თუმცა სკვერიდან ნაგავი არ გააქვთ. არავინ აპირებს მის დასუფთავებას.
მოსახლეობა ამბობს, რომ სკვერს ერთჯერადად დაასუფთავებენ მაშინ, როდესაც სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი შეხვდება ნუკრიანის მოსახლეობას, მას შემდეგ კი კვლავ სკვერში საშინელი ანტისანიტარია იქნება.
იმისთვის, რომ ნუკრიანის სკვერი სუფთავდებოდეს, საჭიროა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა-მ მიმართოს დასუფთავების სამსახურს და მოვალეობებში, ხელშეკრულებაში, ნუკრიანის სკვერიდან ნაგვის გატანაც ჩაუწეროს, ამასთან, ნუკრიანში, გამგებლის წარმომადგენელმა, მიმართოს შესაბამის ორგანოებს, რომ მის სოფელში მსგავსი ანტისანიტარია აღარ იყოს”, – წერს ქეთი მოლაშვილი.
knews.ge შეეცადა დაკავაშირებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დასუფთავების სამხურს, თუმცა უშედეგოდ.
შეგახსნებთ, რომ ნუკრიანში სკვერი 2015 წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში მოეწყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასული წლის მარტში სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა.
ქეთი მოლაშვილის ფოტო.