თამარ ჟვანია – საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალეა
„პროცესი კანონის ფარგლებში მშვიდად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება, ვისაც უფლებამოსილება გააჩნია. ჩვენი ინფორმაციით, ოლქებში, სადაც პროცესი დასრულდა, არჩეული არიან გამოცდილი ადამიანები, მათ, ვისაც წინა რამდენიმე არჩევნები საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ჩატარებული. ასევე არჩეულნი არიან საარჩევნო განვითარების სკოლის კურსდამთავრებულები, ახალგაზრდები, შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ პროცესის გამჭვირვალობას და როგორც კი პროცესი დასრულდება, საარჩევნო ადმინისტრაცია გაასაჯაროებს ყველა იმ შედეგს, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შედეგად დადგა“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიღნაღი–დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების წინასწარ შერჩევის ფაქტზე საუბრობდა. ბეჟაშვილის ინფორმაციით, საოლქო კომისიის წევრებს შორის, რომელთა არჩევაც წინასწარ იყო განსაზღვრული, არიან: ნელი ფოლადაშვილი, ოლღა ოქრუაშვილი, ლალი სპანდერაშვილი, მალხაზ ბარნაბიშვილი, ნელი შალვაშვილი, ნანა ივანიძე, ვანო აბრამიშვილი, ლაურა ღვინიაშვილი, ლაშა მაზიაშვილი, მარინა ჩახვაშვილი, ნოდარ მჭედლიშვილი, ნოდარ კანჭურიშვილი და ნანა მოსაშვილი.