სოფელ იორმუღანლოში ირანელმა ბიზნესმენებმა ფსტას ბაღები გააშენეს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა ორი კომპანიის „TR Georgia Project 2“ და „Aric Group”-ის ახლადგაშენებული ბაღები დაათვალიერა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ირანელმა ბიზნესმენებმა აღნიშნეს, კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. მათ გაშენებული აქვთ ვენახი, თხილის ბაღები და სხვადასხვა სახის ხილი. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღება ფსტას უთმობს, რადგან საქართველოსთვის ის ახალი კულტურაა.
„ძალიან საინტერესო წამოწყება საქართველოში ისეთი კულტურების გაშენება, რომელიც ახალია და არ არის ადაპტირებული ჩვენი ქვეყნის გარემო პირობებთან, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტო კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ფსტა – კაკლოვანი კულტურა ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი სურვილია, რომ მისი ადაპტაცია საქართველოში პროფესიონალურ დონეზე მოხდეს, რათა მიღებული შედეგიც უფრო ეფექტიანი იყოს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ახლო მომავალში, კომპანიები „TR Georgia Project 2“ და „Aric Group” მეურნეობის ტერიტორიაზე თხილის და ფსტის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას გეგმავენ. კომპანია ARIC GROUP”-ის დირექტორის, აფზალ რავარის ინფორმაციით, წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება და ექსპორტზეც გავა. მისივე განცხადებით, 2020 წლისთვის სრულად დასრულდება მიწების კულტივირება, რის შემდეგ დაიწყება ტურიზმის მიმართულებით განვითარება. დაგეგმილია 5 ვარსკვლავიანი ვილების აშენება.