ენმ–ს ახმეტის დეპუტატობის კანდიდატი – მოსახლეობის ძირითადი პრობლემა გაზრდილი ფასებია
,,თითქმის სამი კვირაა აქტიურად ვხვდებით ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფებს. ვატარებთ კარდაკარის პროგრამას, სადაც მონაწილეობას უშუალო ვიღებ. მივდივართ ოჯახებში, შეხვედრებს ვაწყობთ უბნებში, სოფლებსა და ჩვენ ოფისში. ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ მაქსიმალურად მეტ ამომრჩეველს გავაცნოთ საარჩევნო პროგრამა და მეორეს მხრივ, გავიგოთ ამომრჩევლის დამოკიდებულება როგორც ჩვენ პროგრამებზე, ასევე ქვეყანაში არსებულ დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა Knews.ge–სთან ტერტერაშვილმა.
დეპუტატობის კანდიდატისვე თქმით, მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ არაერთგვაროვანია.
,,ხალხს დაბოღმილი და სიძულვილის ენით მოლაპარაკე, არაკომპეტენტური და ნათესავ-მეგობრებზე გადამკვდარი პოლიტიკოსების ხილვის ნაცვლად სურს ქვეყნის შენების, ეკონომიკური კეთილდღეობის, გაზრდილი შემოსავლებისა და დაცული გარემოს ხილვა, რაც ჩვენი საარჩევნო პროგრამის იდენტურია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ფასებმა მოიმატა და შემოსავალმა იკლო; ქვეყანა გაჩერებულია ყველა მიმართულებით; ბოლო ორი თვეა ცდილობენ საქმის კეთებას, თუმცა ბოლომდე ვერ მიჰყავთ, ამიტომ ეს უმოქმედობა და მავნებლობა 8 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ და ქვეყნის შენების ახალი ეტაპი დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, როგორც ახმეტაში, ისე დანარჩენ საქართველოში ამომრჩეველთა უმრავლესობა სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს”,–განაცხადა შაქრო ტერტერაშვილმა.