თელავი-ყვარლის საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელ კანდიდატს ჯარიმა დააკისრეს
დეპუტატობის კანდიდატი ხელისუფლებასა და სახელმწიფო ორგანოებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ის საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს გამოცემული აქტით, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 14-ე მუხლის 5-ე პუნქტით და 20-ემუხლის შესაბამისად კანონით განსაზღვრულ ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს. იგი, აღნიშნულ ქმედებას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლად აფასებს.
,,ეს აქტი კანონგარეშეა გამოცემული და ექვემდებარება ბათილობას. სხვებთან შედარებით, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისედაც არვართ თანაბარ პირობებში. არც გვაქვს საშუალება, რომ ყოველგვარი დაუსაბუთებელი განკარგულებების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტს გადავურიცხოთ ჯარიმის სახით თანხა, რომელსაც შემდგომ ისევ მათივე კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად გამოიყენებენ“.
დეპუტატობის კანდიდატისვე განცხადებით, იგი არ აპირებს ჯარიმის გადახდას და საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავს.
,,მიმაჩნია, რომ კანონი, რომელიც გამოყენებულია დაჯარიმების საფუძვლად საერთოდ არ არის კავშირში ჩემთან. კანონში გარკვევით წერია განმარტება თუ ვის ეხება და ვისზე ვრცელდება. კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთი მუხლში წერია, რომ პარლამენტობის წევრობის კანდიდატი ვალდებულია წარადგინოს რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია, არ ქმნის იმის საბაბს, რომ პირი, რომელიც არ მოიაზრება ამ კანონის არეალში დაჯარიმდეს. არ ვყოფილვარ არცერთი დონის საჯარო პირი და შესაბამისად არც უნდა გავრცელებულიყო ჩემზე ეს კანონი“.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი ჯარიმა დაეკისრა არაერთ დამოუკიდებელ დეპუტატობის კანდიდატს, რომლებიც ანალოგიურად გეგმავენ მიმართონ სასამართლოს.