წნორში თიხის ქოთნებში კამეჩის მაწვნის გამოშვებას გეგმავენ
თეო გელაშვილს, მეგობრებთან ერთად, საქონლის ფერმა აქვს. როგორც თეოს მამამ გელა გელაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბარში განაცხადა, ნატურალური რძის მაწონს თიხის ქოთნებში ადედებენ. მისივე ინფორმაციით, მათი იდეა დააფინანსა სახელმწიფო პროგრამამ “აწარმოე საქართველოში”, საიდანაც 15 ათასი ლარი მიიღეს.
“თეოსა და მის მეგობრებს ისეთი პროდუქტის გამოშვება უნდოდათ, როგორსაც არავინ აკეთებს. ასეთად თიხის ქილებში შედედებული მაწონი მიიჩნიეს. მაწონს ნატურალური რძით, ყოველგვარი მინარევების გარეშე ადედებენ. თიხის ქოთნებს მათ მიერვე შექმნილი დიზაინითა და წარწერით მეთუნეს ამზადებინებენ. ქოთნები შიგნიდან თაფლის სანთლით არის მოსანთლული, რომ პროდუქტი სტერილური და ეკოლოგიურად სუფთა იყოს. წარმოების დაწყებისთანავე მაწონმა დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით სიღნაღში ჩამოსულ ტურისტებს მოსწონთ და ამიტომ ამ პროდუქტით სიღნაღის სასტუმროები, რესტორნები და მაღაზიები მარაგდება. ძროხები დღეში 300-400 ლიტრს იწველიან. პროგრამით მოპოვებული თანხით შეიძინეს რძის პასტერიზატორი, ხანგრძლივი პასტერიზაციის აბაზანა და სხვადასხვა რამ, რაც მაწვნის წარმოებისთვის არის საჭირო. ეტიკეტიც მათი შექმნილია. ცოტა ხანში კამეჩის მაწვნის გამოშვებასაც აპირებენ. დიდი მოთხოვნილება კამეჩის მაწონზე არ არის, ყველა არ ჭამს, მაგალითად, ფეხმძიმეებისა და ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან ზედმეტად ცხიმიანია, თუმცა კლიენტები მაინც ჰყავს”, – განაცხადა გელა გელაშვილმა.