პაატა ბურჭულაძის პარტია გურჯაანში ანტისანიტარიის პრობლემის მოგვარების ითხოვს
პარტიის წევრების განცხადებით, მოსახლეობამ ამ თხოვნით პოლიტიკურ ორგანიზაციას მას შემდეგ მიმართა, რაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ოთხი წლის განმავლობაში ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა პრობლემის მოუგვარებლობის მიზეზად ბიუჯეტში საკმარისი თანხების არარსებობას ასახელებდა.
,,მუნიციპალიტეტს 4 წლის განმავლობაში თითიც კი არ დაუკარებია და რომ გაიგეს პარტიის ხალხი მოდიოდა, სწრაფად მოაგვარეს ეს საკითხი”,– განაცხადა ნოდარ ქევხიშვილმა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ყიფიანის მტკიცებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში საგრძნობლად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯი და საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილი საჯარო მოხლეების პრემიისთვის დაიხარჯა, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის.
,,ბოლო ერთი წლის განმავლობაში გურჯაანში ერთი მილიონი ლარით გაიზარდა ხელფასები, დანამატები პრემიები. ერთი მილიონი ლარით წინა წლებში შეეძლოთ მსგავსი ტიპის პრობლემების მოგვარება. ჩვენ თითოელ მსგავს პრობლემას გავაშუქებთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას არჩევნებამდე თვითონვე შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, არჩევნების შემდეგ კი ამას ჩვენ შევასრულებთ”,– აღნიშნა ირაკლი ყიფიანმა.
პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ხაზიურის განცხადებით, ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა თხოვნით ოფისს მიმართეს და მაშინვე გადაწყვიტეს პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდნენ.
,,თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს ჩვენს ოფისს და მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ პრობლემის მოგვარებაში დავხმარებოდით. მეორე დღესვე დავგეგმეთ ბრიფინგი და შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ შეხვედრას პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ, რომლებაც მათ დახმარება აღუთქვეს”,–განაცხადა ხაზიურმა.